პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხვიჩიამ კანონპროექტის არსი განმარტა და განაცხადა, რომ 2024 წლამდე გასამართ შუალედურ არჩევნებზე, ერთჯერადად, არ უნდა მოეთხოვოს პოლიტიკურ პარტიებს საოლქო კომისიაში სერტიფიცირებული წარმომადგენლები.

მისი თქმით, ეს დამატებით ბარიერს ქმნის, რაც პოლიტიკურ პარტიას საშუალებას არ აძლევს თავისუფლად წარადგინოს და დანიშნოს კომისიის წევრი.

„ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ზოგადადაც არ უნდა მოეთხოვებოდეს მსგავსი სერტიფიკატი იქიდან გამომდინარე, რომ მისი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც პარტიის მიერ ის ინიშნება საოლქო კომისიაში, არის საკუთარი პარტიის ნდობა. სერტიფიკატები და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უნდა მოეთხოვოს პროფესიულ წევრებს. თუმცა, ამ მოცემულობით ამ კანონპროექტის მიხედვით, ეს მხოლოდ შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა კენჭისყრისას 99 ხმით დაუჭირა მხარი საარჩევნო კოდექსის ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები