თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგურებში “გამტარებლებს” ბარათები დაებლოკებათ.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, პირებს, რომლებიც ჩვეულებრივ მგზავრებს სხვადასხვა ბარათით ატარებენ და მათგან ფულს იღებენ, ბარათები დაუბლოკოს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით, ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით სარგებლობას, ეს შეიძლება, არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება, იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით… ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ არ მივცეთ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება”, – განაცხადა კალაძემ.