“პუტინი ფეხებში არ გაისვრის” – კუჩმა დონბასში ე.წ. რესპუბლიკების შესაძლო აღიარებაზე

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა მიიჩნევს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია მოსკოვის მიერ კონტროლირებადი დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების “უკრაინისთვის „შეტენვა“, ამიტომ, ე.წ რესპუბლიკების აღიარება გახდება რუსეთის ოფიციალური უარი “მინსკის შეთანხმებებზე”, რაც “საკუთარ ფეხში გასროლა იქნება”.

კუჩმას კომენტარი Meta-ზე(Facebook) მისმა პრესმდივანმა, დარკა ოლიფერმა გამოაქვეყნა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია შვიდ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. ფორმალური ანექსია არ მომხდარა და, კუჩმას თქმით, არც უახლოეს მომავალში მოხდება.

„ჩემი აზრით, რუსეთის სტრატეგიული მიზანია, უკრაინას “შეტენოს” რუსეთის მიერ მთლიანად კონტროლირებადი დონბასის ე.წ.რესპუბლიკები. სწორედ ამით აიხსნება მუდმივი საუბრები “მინსკის შეთანხმებების” შესრულების აუცილებლობაზე და მოსკოვის ბრალდებები, რომ უკრაინა მათ არ ასრულებს. ამიტომ, რუსეთის ოფიციალური უარი მინსკის შეთანხმებებზე – და ეს, რა თქმა უნდა, იქნება დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემთხვევაში – იქნება გასროლა საკუთარ ფეხში“, – განაცხადა კუჩმამ.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ასეთ სისულელეზე არ წავა“.

რაც შეეხება რუსეთის დუმაში გუშინდელ კენჭისყრას, კუჩმა ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემდგომი ხელშეწყობა.

„დაძაბულობის ხარისხი, მუდმივი კონფლიქტი – ეს არის ის, რასაც ეფუძნება რუსული ტაქტიკა (და შესაძლოა, სტრატეგიაც) უკრაინასთან მიმართებით. თუ ესკალაცია სამხედრო არ არის (თუ მედიას დავუჯერებთ, რუსეთი იწყებს ჯარების ნაწილობრივ გაყვანას ჩვენი საზღვრებიდან), შემდეგ მოდის მედიური და პოლიტიკური, ან ეკონომიკურია (არ დავივიწყოთ ენერგობლოკადის საფრთხე ჩრდილოეთიდან და საზღვაო ბლოკადის საშიშროება სამხრეთიდან). აქ, ჩემი აზრით, არაფერი იცვლება“, – განაცხადა კუჩმამ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთში ყველა რეალური გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კრემლში, ამიტომ, აზრი არ აქვს სახელმწიფო სათათბიროს კენჭისყრისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები