“აშშ არასოდეს მოახდენს ზეწოლას უკრაინაზე ან რომელიმე ქვეყანაზე ნატო-ში გაწევრიანების საკითხში” – თეთრი სახლი
აშშ არ აპირებს უკრაინაზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე ზეწოლას ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე.
ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
ფსაკის ჟურნალისტმა სთხოვა, გაეკეთებინა კომენტარი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაზე, რომელმაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თქვა, “უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.
ფსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის მიმართვაში თქვა, “ყველა ქვეყანას აქვს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საკუთარი გზისა და იმის არჩევის უფლება, თუ ვისთან სურთ მათ ყოფნა”.
”ასე რომ, ჩვენ, შეერთებული შტატები არასოდეს მოვახდენთ ზეწოლას რომელიმე ქვეყანაზე, რომ შეუერთდეს ან არ შეუერთდეს გლობალურ ალიანსს,” – თქვა მან.
ფსაკიმ დასძინა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი თავად უკრაინასა და ალიანსის წევრ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.