მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი კოლეგების ნაწილი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ ევროპარლამენტის წევრებს არასრული და მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდონ, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს და ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესებს
პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა 2-3 თებერვალს საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
მისი განცხადებით, სვენ მიქსერი საქართველოს პრეზიდენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაცია, რის საფუძველზეც ევროპარლამენტის ანგარიშს მოამზადებს.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროპარლამენტის თანამშრომლობის ისტორიაში, ევროპარლამენტის წევრმა პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაში.
„ჩვენი მოწვევის საფუძველზე, სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს და გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა მისთვის პირადად გაგვეზიარებინა პოზიციები და მოგვესმინა მისი პასუხები ჩვენს კითხვებზე. ასევე, გაიმართა მისი შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაც მთავარია, სვენ მიქსერმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ეს ყველაფერი, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერის გამომხატველი გზავნილები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ურთულეს პერიოდში გვიწევს ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თითოეული მათგანის გულწრფელ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენი კოლეგების ნაწილი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიაწოდონ არასრული და მიკერძოებული ინფორმაცია, რაც მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვისკენ არის მიმართული და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.