ბორის ჯონსონი: ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების უფლების გაუქმება არ შეიძლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების, უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლების გაუქმება შეუძლებელია.

მისივე თქმით, სულ მალე გაესაუბრება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დიპლომატიური პროცესის დასახმარებლად.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საუბარი. მაგრამ რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, არის უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებების გაუქმება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ყველაფერი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს,“ – თქვა ჯონსონმა.

მისივე თქმით, “ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან, ძალიან საშიში, რთული ვითარება. ჩვენ უფსკრულის ზღვარზე ვართ, მაგრამ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ დიალოგში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევის ოფიციალური უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე “რუსეთის შეშფოთებაზე” პასუხი იქნება, მაგრამ, ამავე დროს, მისი თქმით, კრემლი ელჩ ვადიმ პრისტაიკოს განცხადებას არ აღიქვამს, როგორც რეალობას.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ უკრაინამ ნატო-ში წევრობაზე უარი თქვას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი ალიანსში წევრობის სურვილი, “არსებული საფრთხის გათვალისწინებით”, ქვეყანა შესაძლოა, იძულებული გახდეს, ამგვარი ნაბიჯი გადადგას.

პრისტაიკოს ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ელჩის განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და განმარტეს, რომ პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატო-ს ან უსაფრთხოების სხვა ალიანსის წევრი.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი უსაფრთხოების გარანტიების საკითხია. უდავოა, რომ საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებელი გაწევრიანება. მაგრამ საფრთხეები აქ და ახლა არსებობს, ამიტომ, გარანტიების საკითხზე პასუხის პოვნა ხდება ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანა. ამავდროულად, უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმით, შესაძლებლობის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “გაწევრიანებაზე უარის თქმა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი ნაბიჯი გადადგას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები