საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, იჩირო აისავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრეს. განიხილეს 2022 წელს საქართველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაჩქარების მნიშვნელობას.

„იაპონელ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ ურყევი და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გაეროში იაპონიის მხრიდან. იაპონია არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციებს, არამედ, გვევლინება ჩვენი რეზოლუციების თანაინიციატორად და თანასპონსორად”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ონლაინ შეხვედრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მხრიდან იაპონიის ინიციატივების მხარდაჭერაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა. კოლეგას საქართველოს ხედვა გააცნო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მხარეებმა, თავიანთი ქვეყნების პარლამენტების მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ციფრული უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. საუბარი აგრეთვე შეეხო კულტურული კავშირების გააქტიურებას, მათ შორის, კინოხელოვნების, მუსიკალური, სამხატვრო და სპორტის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, საქართველოსა და იაპონიაში საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იაპონიაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები