“საჭიროა, ახსნას საკუთარი სიტყვები” – უკრაინის საგარეო უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიტანეთში ქვეყნის ელჩის განცხადებას გამოეხმაურნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოსსიტყვები იმის შესახებ, რომ კიევმა შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

”დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს სიტყვები, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მზად არის, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი, რომ თავიდან აიცილოს რუსეთთან ომი, ამოღებულია კონტექსტიდან”, – თქვა ნიკოლენკომ.

ამავე დროს, უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ, „რა თქმა უნდა, მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, უკრაინა მზად არის, ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შესვლისთვის“.

ნიკოლენკოს თქმით, პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატო-ს ან უსაფრთხოების სხვა ალიანსის წევრი.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი უსაფრთხოების გარანტიების საკითხია. უდავოა, რომ საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებელი გაწევრიანება. მაგრამ საფრთხეები აქ და ახლა არსებობს, ამიტომ, გარანტიების საკითხზე პასუხის პოვნა ხდება ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანა. ამავდროულად, უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი მიიჩნევს, რომ ელჩმა პრისტაიკომ უნდა ახსნას თავისი სიტყვები.

“ბატონმა ელჩმა გამოიყენა სიტყვა “მოქნილობა”. ვფიქრობ, ღირს, მას საშუალება მიეცეს, ახსნას, რა ჰქონდა მხედველობაში რაიმე დასკვნის გაკეთებამდე, განსაკუთრებით, ასეთი ხმამაღალი”, – თქვა მან.

ნიკიფოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორიც  უნდა იყოს ელჩის განმარტება, „ჩრდილოატლანტიკური და ევროპული კურსი რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად“ უკრაინისთვის.

„ეს კურსი არა მარტო კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, არამედ მას აქვს ხელისუფლებისა და საზოგადოების სრული თანხმობა“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები