“უკრაინამ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე” – ბრიტანეთში უკრაინის ელჩი

უკრაინის ელჩის დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკოს ვარაუდით, უკრაინას შეუძლია, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ მას გარემოებები ამას აიძულებენ.

ამის შესახებ მან BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ნატო-ში არშესვლის ვარიანტის განხილვა, პრისტაიკომ თქვა: „შეგვეძლო“.

„დიახ, მართალი ბრძანდებით, ასე წერია ჩვენს კონსტიტუციაში. მე ახლა ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები იმ ძირითად დოკუმენტს, რაც გვაქვს. როდესაც ამას ვამბობ, მოქნილები ვართ, როცა ვცდილობთ საუკეთესო გამოსავლის პოვნას. თუ რაღაც სერიოზული დათმობების გავლა მოგვიწევს, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. უდავოდ“, – დასძინა მან.

პრისტაიკო მიიჩნევს, რომ, „არსებული საფრთხის გათვალისწინებით“, უკრაინა შეიძლება, იძულებული გახდეს, გადადგას ასეთი ნაბიჯი.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეიძლება, დარჩეს დაუცველი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აქტიური შეტევის შემთხვევაში.

„კითხვა, რომელსაც 40-მილიონიანი ქვეყანა სვამს, არის ის, თუ როგორ გადავრჩებით, თუ ისინი ხვალ მოვლენ?“ – ამბობს პრისტაიკო.

ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ მიზეზებზეც, რის გამოც, მისი აზრით, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

“ეს არის საფრთხე არა რუსეთის ხალხისთვის, არა რუსეთისთვის, არამედ – იმ კონკრეტული რეჟიმისთვის, რომელიც მათ ახლა ჰყავთ”, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.

მისი აზრით, მოსკოვს არ მოსწონს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს „რაღაც სხვა, ვიდრე რუსეთია“ და შემდეგ რუსებიც მოინდომებენ თავიანთი ქვეყნის მიმართულების შეცვლას.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის უსაფრთხოებაზე.

„მართალი გითხრათ, რუსეთი უკვე გარშემორტყმულია ნატო-ს ქვეყნებით. პოლონეთი არის ნატო-ს წევრი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი – ყველა ეს ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, უკვე ნატო-ს წევრია. ამას არ შეუცვლია უსაფრთხოების მდგომარეობა. მას არ შეუცვლია რუსეთის უსაფრთხოება. ამიტომ, უკრაინაც ამას დიდად არ შეცვლის“, – განაცხადა პრისტაიკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები