პრეზიდენტმა სამხედროებს პორტატული კომპიუტერები გადასცა

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა. მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი რეაბილიტაციის ცენტრში მყოფ სამხედროებს გაესაუბრა და თითოეულ მათგანს პორტატული კომპიუტერი გადასცა. სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებმა საჩუქრები თავდაცვის სამინისტროს სახელით მიიღეს. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული 10 სამხედრო მოსამსახურე გადის, რომლებიც წეროვანში ოჯახთან ერთად იმყოფებიან. კომპლექსში, რომელშიც ორი შენობაა კეთილმოწყობილი, დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. სამხედროები ოჯახის წევრებთან ერთად ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. უმაღლეს მთავარსარდალს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კალანდაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი მასპინძლობენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მესამე ნაკადს მასპინძლობს. ცენტრში რეაბილიტაციისა და დასვენების კურსი უკვე 17-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები