ნატო არ გამორიცხავს შავი ზღვის რეგიონში ახალი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას

ნატო-მ შესაძლოა, დამატებითი კონტინგენტი განათავსოს შავი ზღვის ქვეყნებში, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი ყოფნა, მაგრამ განვიხილავთ შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, საბრძოლო ჯგუფების განლაგებას რუმინეთში. მაგრამ არა მხოლოდ იქ, არამედ – შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც”, – თქვა მან.

აღმოსავლეთის მიმართულებით ალიანსის გაძლიერების საბოლოო გადაწყვეტილებას მისი წევრები უახლოეს თვეებში მიიღებენ.

„ეს საკითხი განიხილება თავდაცვის მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე. მე ველი, რომ მინისტრები შეთანხმდებიან დაიწყონ დაგეგმარება, მასშტაბების გასაზღვრა, დეტალებზე ფიქრი, თუ როგორ განლაგდეს საბრძოლო ჯგუფები და კონკრეტულად რომელი ნაწილები. საბოლოო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, შეიძლება, იყოს მიღებული გაზაფხულზე“, – განაცხადა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ძალების გაძლიერება უკავშირდება „უკრაინის მახლობლად და მის ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებას“.

“ევროპაში არის ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რისკი. რუსული ჯარების რაოდენობა კვლავ იზრდება”, – დასძინა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები