Reuters: ევროპაში, პანდემიების აცილების მიზნით, შეთანხმების მიღწევას ცდილობენ

ევროკავშირში  ახალი პანდემიების თავიდან ასაცილებლად გლობალური შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

როგორც Reuters-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, შეთანხმება შეიძლება, მოიცავდეს ველური ცხოველებით მოვაჭრე ბაზრების აკრძალვას, ასევე, ქვეყნების „სტიმულირების“ გარანტიას, რომ ისინი დროულად გააკეთებენ განცხადებას ინფექციური აფეთქებების შესახებ.

სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკება დღეს უნდა გაიმართოს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრას დაესწრებიან ექვსი ქვეყნის დელეგატები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს ძირითად რეგიონებს – იაპონიას, ნიდერლანდებს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტესა და ტაილანდს.

აღინიშნება, რომ ბრიუსელს სურდა ხელშეკრულებაში შეერთებული შტატების და სხვა დიდი ქვეყნების ჩართვა, თუმცა, ზოგიერთი არ ეთანხმება შეთანხმების სავალდებულო პირობებს.

რიგი ქვეყნები ფრთხილობენ მომავალი ვირუსების გავრცელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეს მოითხოვს „საკმარისად მიმზიდველ სტიმულებს“. მაგალითად მოყვანილია სამხრეთ აფრიკის ქვეყნები, რომლებსაც, “ომიკრონის” გამოვლენის შემდეგ, შეექმნათ მკაცრი შეზღუდვები ფრენებზე.

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ წახალისება შეიძლება, მოიცავდეს გარანტირებულ ხელმისაწვდომობას ახალი ვირუსების წინააღმდეგ შემუშავებულ წამლებსა და ვაქცინებზე, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ბრაზილია, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი, არასავალდებულო ხელშეკრულების მომხრეა. ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, გამოდის ინიციატივით, იყოს შემოღებული იურიდიული ვალდებულებები.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები შეთანხმებას მიაღწევენ, დოკუმენტს ხელი 2024 წლის მაისში მოეწერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები