ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა ამ სამი წლის განმავლობაში გამოუცხადა. „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე”, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.
„ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანი საქმისადმი მისთვის ჩვეული ერთგულებით, გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და ეკონომიკის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იქნება. პირადად ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ნათია თურნავას თქმით, ის კვლავინდებურად რჩება გუნდის წევრად. თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. „მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, რა თქმა უნდა, ვრჩები ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად” , – აღნიშნა ნათია თურნავამ. ნათია თურნავამ ასევე მადლობა გადაუხადა მედიას ამ წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის. ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრად 2019 წელს დაინიშნა.