ბერლინს, პარიზსა და ვარშავას უკრაინაში ომის არიდება სურთ

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა უკრაინის კრიზისის საკითხში ერთიანობა გამოავლინეს.

ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენი საერთო ამოცანაა ევროპაში ომის თავიდან აცილება“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, “ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს – ევროპაში შევინარჩუნოთ მშვიდობა დიპლომატიის, მკაფიო სიგნალებისა და ერთობლივი მოქმედების მზაობის გზით“.

მისი თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრირება დიდ შეშფოთებას იწვევს.

“უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შემდგომი დარღვევა მიუღებელია და რუსეთისთვის შორსმიმავალ შედეგებს გამოიწვევს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს და, რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულს”, – თქვა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ ბერლინს, პარიზს და ვარშავას ერთად სურთ, მიაღწიონ “უკიდურესად დაძაბული სიტუაციის დეესკალაციას”.

“ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებები და გამოსავალი”, – თქვა მან.

მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გერმანიას, პოლონეთს და საფრანგეთს აქვთ მკაფიო მიზანი – თავიდან აიცილონ ომი უკრაინაში.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, “ერთადერთი გზა, რომელიც   უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს, არის დიალოგი რუსეთთან”.

როგორც დუდამ აღნიშნა, შოლცთან და მაკრონთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროკავშირს აქვს ნება, ეძებოს გზები უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

”ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები