“მოგწონს-არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო” – პუტინი მინსკის შეთანხმებებზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მინსკის შეთანხმებების ალტერნატივა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მთავრობა, მათ შორის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მათ შესრულებაზე პერიოდულად უარს ამბობენ.
ამის შესახებ მან კრემლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელთანაც მანამდე 5-საათიანი მოლაპარაკება გამართა.
მისი თქმით, მაკრონს მიუთითა იმაზე, რომ კიევი უარს აცხადებს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე.
“არ არის პროგრესი ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა საკონსტიტუციო რეფორმა, ამნისტია, ადგილობრივი არჩევნები, დონბასის სპეციალური სტატუსის სამართლებრივი ასპექტები. შტაინმაიერის ცნობილი ფორმულა, ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტებისთვის, ჯერ არ არის დაფიქსირებული უკრაინის კანონმდებლობაში”, – თქვა პუტინმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არ აქვს, მაშინაც კი, თუ უკრაინის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პერიოდულად უარს აცხადებენ მათ შესრულებაზე.
“მოგწონს – არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო. უნდა შეასრულო, სხვანაირად არ გამოვა”, – თქვა რუსეთის ლიდერმა.