მაკრონი: უახლოესი დღეები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის საკითხში.
მაკრონმა თქვა, რომ პუტინთან შეხვედრას გარკვეული პროგრესი ჰქონდა.
„მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და მოითხოვს ინტენსიურ დისკუსიებს, რომლებსაც ერთად წარვმართავთ“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს პუტინთან ვახშმის შემდეგ.
მისი თქმით, რუსეთმა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოების გარანტიებზე.
“სანდო დეესკალაცია მოითხოვს ჩვენგან წინსვლას ფუნდამენტურ საკითხებზე და ჩვენ ამ საკითხებს დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით. ერთობლივად უნდა გამოვავლინოთ ნება, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ავაშენოთ უსაფრთხოების ახალი წესრიგი და სტაბილურობა ევროპაში. ეს უნდა ეფუძნებოდეს იმ საფუძველს, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა“, – თქვა მაკრონმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „ასე რომ, უახლოესი დღეები იქნება გადამწყვეტი და ეს მჭიდრო დისკუსიები, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს შეუწყობს ამას“.
თავის მხრივ, პუტინმა თქვა, რომ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შეიძლება, განმუხტოს კრიზისი.
„მისი მთელი რიგი იდეები, წინადადებები, რომლებზეც, როგორც ჩანს, ნაადრევია საუბარი, ვფიქრობ, შეიძლება, გახდეს ჩვენი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების საფუძველი,” – თქვა პუტინმა.