ლე პენი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთს ნატო-ს დაატოვებინებს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია “ნაციონალური გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა ნატო-ს დატოვებს.
ამის შესახებ მან რეიმსში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ თავისუფლად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, გამოვიდეთ სამხედრო ბლოკების ლოგიკიდან. ამიტომ, ჩვენ დავტოვებთ ნატო-ს ერთიან სარდლობას, რომ აღარ ვიყოთ ჩათრეული სხვების კონფლიქტში“, – თქვა ლე პენმა.
შეხვედრის დროს, საზოგადოებას აჩვენეს სხვა ქვეყნების, მათ შორის, ავსტრიის, ნიდერლანდების, იტალიისა და პორტუგალიის პოლიტიკოსების ვიდეოშეტყობინებები, რომლებიც მხარს უჭერენ ლე პენის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში. უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც მხარი დაუჭირა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში გაიმართება.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე სურვილი უკვე რიგმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არიან: “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენი;
მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის “რესპუბლიკელები” ლიდერი, ვალერი პეკრესი;
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი “ხელახალი დაპყრობა” (Reconquête), ერიკ ზემური;
მემარცხენე პარტიის “დაუმორჩილებელი საფრანგეთი” ლიდერი, ჟან-ლუკ მელენშონი;
პარტია “ევროპა – ეკოლოგია – მწვანეთა” წევრი, იანიკ ჟადო;
კომუნისტური პარტიის ეროვნული მდივანი, ფაბიენ რუსელი;
პარიზის მერი, ანა იდალგო, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს სოციალისტური პარტიიდან მიიღებს;
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, კრისტიან ტობირა.
მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კენჭისყრაში მონაწილეობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.