ტრისტან წითელაშვილი: ​თუ ომი დაიწყება, ეს სინამდვილეში იქნება რუსეთის დაპირისპირება აგრესიულ კოლექტიურ დასავლეთთან, ორი გოლიათის ბრძოლა, რომელშიც ქართველების მონაწილეობა დაუშვებელია

სამხედრო ექსპერტი, ტრისტან წითელაშვილი მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს აფასებს.

როგორც მან გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, ​თუ ომი დაიწყება, ეს სინამდვილეში იქნება რუსეთის დაპირისპირება აგრესიულ კოლექტიურ დასავლეთთან, ორი გოლიათის ბრძოლა, რომელშიც ქართველების მონაწილეობა დაუშვებელია.

“მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს და თავს იცავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისაგან, ყველა კეთილი ნების ადამიანმა გაიაზრა – ომი შედის მხოლოდ კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში, რომელიც გაშმაგებულ პროპაგანდას ეწევა, თითქოს კიევის ქუჩებში ტანკები დადიან და სანგრები ითხრება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბონ. უფრო მეტიც უკრაინაში ნატო-ს აგენტურამ და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა აამოქმედეს რადიკალურ-ფაშისტური ჯგუფები. რომლებმაც დაიწყეს მასობრივი თავდასხმები პრორუსი მფლობელების სავალუტო ჯიხურებსა და ოფისებზე, რათა ზელენკის სამშვიდობო განცხადების საპირისპიროდ არეულობის ფონი შეიქმნას. ზელენსკის ირიბად უთხრეს, თუ რუსეთთან ომის პროვოცირებაზე უარს იტყვის მას პირადად და მთლიანად უკრაინასაც დიდი განსაცდელი ელის. როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს, შეიძლება ზელენკისაც რევოლუცია მოუწყონ და თანამდებობას ჩამოაცილონ, თუ კოლექტიური დასავლეთის თამაშს არ აჰყვება.

ახლახან უკრაინაში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელმაც ტონობით ტყვია-წამალი და საბრძოლო მასალა ჩამოიყოლა და ზელენსკის პირდაპირ მიუთითა რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. სიტუაციას ძაბავს გარემოება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი დონეცკისა და დონბასის მიმართულებით არის გადასროლილი, მაგრამ ამჯერად ზელენსკი გაჯიუტდა.

ზელენსკი ხვდება – თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყება, უკრაინისთვის კარგი შედეგი არ მოჰყვება და პასუხისმგებლობა მსხვერპლზე და ახალი ტერიტორიების გარდაუვალ დაკარგვაზე მას დაეკისრება. ზელენსკის აფერხებს რუსეთის საბრძოლო ძალების სიძლიერეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაიანა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საბრძოლო სწავლება ჩაატარა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და მთელი გენერალიტეტის თანდასწრებით. ეს სწავლება საერთაშორისო ექსპერტებმაც კი უმაღლეს დონეზე შეაფასეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს პირადად მოსთხოვა სამხედრო სწავლებაში გამოყენებული ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის დატოვება ბელარუსის საზღვრის გასამაგრებლად, ვინაიდან ნატოსა და უკრაინის მხრიდან შეაიარაღებულ პროვოკაციას ბელარუსიც ელოდება.

ეს პირდაპირ იმის მაუწყებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემთხვევაში ბელარუსი ამ ომში ღიად ჩაებმება და რუსეთთან სუბორდინაციაში იმოქმედებს.

დასავლეთის მხრიდან უკრაინის წაქეზებამ ის გამოიწვია, რომ რუსული ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ვორონეჟის, ყირიმისა და დნესტრისპირეთის მიმართულებით, საიდანაც ომის შემთხვევაში, რუსები პირდაპირ ოდესას შეუტევენ. თუ რუსეთი უკრაინაზე ამ ოთხი მიმართულებით მიიტანს იერიშს, რამდენიმე საათში უკრაინის ტერიტორიას მთლიანად დაიკავებს და სრულ კაპიტულაციას მიაღწევს. აი, ამ ფონზე, ნაცები და არასამთავრობოები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ. სოციალური ქსელით გავრცელდა სააკაშვილის პროვოკაციული პოზიციაც, რაც მიზნად ისახავს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარედ აღმოჩნდეს ჩათრეული და დაიღვაროს ქართველების სისხლი.

როცა ბრიტანეთის პრემიერს უკრაინაში იარაღი ჩააქვს, იმისგან მაინც არის დაზღვეული, რომ საბრძოლო მოქმედებები ბრიტანეთის ტერიტორიაზე არ გადაინაცვლებს.

სააკაშვილი კი უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკისა და ტყვია-წამლის უსასყიდლოდ გადაცემის პერსპექტივაზე ალაპარაკდა, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, რომელიც ომში რუსეთის საპირისპირო მხარეს ჩაერთვება? არ დაგავიწყდეთ, რომ რუსებს თავიანთი სამხედრო ნაწილების საქართველოში შემოსაყვანად საზღვრის გადმოკვეთაც არ მოუწევთ, რადგან თანამედროვე ტექნიკით კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო ბაზები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასიდან სულ რაღაც, ორიოდე კილომეტრში აქვთ განლაგებული. რუსული ტანკები ამ ტრასაზე მომენტალურად გამოვლენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან მოწყვეტენ და დედაქალაქამდე მისაღწევად მხოლოდ 40 წუთი დასჭირდებათ.

გავითვალისწინოთ, რომ ეს იქნება არა ოკუპაცია – არამედ, რუსეთის თავდაცვითი ღონისძიება მისი მოწინააღმდეგე ქვეყნის გასანეიტრალებლად, რასაც ომში ჩაბმული ნებისმიერი ძლიერი სხვა სახელმწიფო მოიმოქმედებს.

​სააკაშვილისგან განსხვავებით ამერიკა, საკუთარ მოქალაქეებს უფრთხილდება. აშშ-მა უკრაინიდან 600-700 ჟურნალისტის, მათ შორის Fox-News-ისა და CNN-ის წარმომადგენლების ევაკუაციის ბრძანება გასცა. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებით, ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრებიც დატოვებენ ქვეყანას. ამერიკელების ეს მოქმედება პირდაპირ მიანიშნებს ფართობასშტაბიანი ომის დაწყების პერსპექტივაზე.

საქართველოში მოქმედი დასავლეთის აგენტურა საზოგადოებას ომში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, თან სიტუაციას იმგვარად წარმოაჩენს, რომ უკრაინაში სააკაშვილის ჯიბეზე გამობმული ცალკეული პირები – ნონა მამულაშვილი, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი და “ლელოს” აქტივისტები და ა.შ. კი არა, საქართველოს მხარე იმყოფება.

ამ ავანტიურისტების ქმედებათა კვალდაკვალ საქართველო მართლაც ომში რომ აღმოჩნდეს ჩათრეული, თავად მოკურცხლავენ და ძლევამოსილ რუსულ სამხედრო ნაწილებს ჭეშმარიტად სამშობლოს მოყვარულ ვაჟკაცებს შეატოვებენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

​თუ ომი დაიწყება, ეს სინამდვილეში იქნება რუსეთის შეპირისპირება აგრესიულ კოლექტიურ დასავლეთთან, ორი გოლიათის ბრძოლა, რომელშიც ქართველების მონაწილეობა დაუშვებელია”,- განაცხადა წითელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები