UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით “ჰელფინგ ჰენდმა’’ მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტი დაიწყო
7 თებერვალს, 16:00 საათზე შედგება ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი საგანმანათლებლო პროექტის ონლაინ-პრეზენტაცია. პროექტი – ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ’’ – გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით.
ონლაინ-პრეზენტაციაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის გზით შერჩეულ 150 მოზარდს მიესალმებიან: გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, USAID-ის წარმომადგენელი თამარ სირბილაძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ასევე: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ვრცელ პრეზენტაციას წარადგენს ,,ჰელფინგ ჰენდის’’ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მესხი. მონაწილე მოზარდებს საშუალება მიეცემათ თავიანთი მოლოდინი და პროექტთან დაკავშირებული იდეები გაუზიარონ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.
პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ, მოზარდების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელსაც თავად ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, რათა ხელი შეუწყონ ჰიგიენის დაცვას, ვირუსის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს.
პირველ ეტაპზე, ორგანიზატორებმა კონკურსის გზით შეარჩიეს 13-დან 19 წლამდე მონაწილეები – მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაციის გზით მიიღებოდა. პროექტში 500-ზე მეტი მოზარდი დარეგისტრირდა, მათგან 150 კი პროექტის მონაწილე გახდა.
ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება.
პროექტის მიმდინარეობისას თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ თემში. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები. ისინი თავად შექმნიან ეფექტურ მოხალისეობრივ სერვისებს ადგილობრივი თემისა და თანატოლებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ყველაზე მოწყვლად რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ღონისძიებებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.