გიორგი ცუცქირიძე: 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება

”ბოლო პერიოდში ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შეფასებებს, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან და ფასების ზრდაც, ბუნებრივია, მთავრობას ბრალდება“, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ  2022 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში  ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ ყოფილა, რაც პანდემიური შოკის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

ექსპერტმა მაგალითისთვის მოიყვანა აშშ, სადაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის მაქსიმუმი დაფიქსირდა, აგრეთვე გერმანია და თურქეთი, სადაც ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა.

„ინფლაციის იმპორტი, ბუნებრივია, ჩვენზეც აისახა და დეკემბრის 13.9 პროცენტიანი მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ ისე თვალსაჩინოებისათვის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ინფლაციას აპროტესტებს, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია 14.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა. 2006 წლის ივლისში ინფლაცია 14.5%-ს შეადგენდა, იმავე წლის აგვისტოში 13.4%-ს. მათი მმართველობის 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.6% იყო, ხოლო ბოლო წლებში ოცნების მმართველობისას პანდემიის ეფექტის ჩათვლითაც 2013-2021 წლებში წლიური ინფლაცია საშუალოდ 4.1% იყო,” – წერს ექსპერტი.

გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი 2021 წელს საშუალოდ 28%-ით გაიზარდა), ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ.

“გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. საერთო ჯამში, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა.

ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. საბაზო ინფლაცია დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია. 2021 წელს ფასების დონის ზრდაში განსაკუთრებით მაღალი წვლილი შეიტანა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებსა და საწვავზე ფასების ზრდამ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე საკვების პროდუქტების და ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. მაგალითად, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების ზრდამ საშუალოდ 28.3% შეადგინა, ხოლო საქართველოში 10.9%. ამასთან, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა 2011 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ხოლო საქართველოში პირიქით ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე 2011 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო 2021 წელს,“ – მიაჩნია ექსპერტს.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა.

„პროდუქტების დონეზე 2021 წლის ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ბენზინის, მზესუმზირას ზეთის, ხორბლის პურის, კვერცხის, სისხლძარღვთა გამათხელებელი მედიკამენტების და შაქრის ფასების ზრდამ. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2020-2021 წლის ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად აღნიშნული ზრდის მიმართულებით გავლენას ახდენს წლიურ ინფლაციაზე, რამდენადაც კომუნალური ტარიფები შედარებულია წინა წლის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც ასევე იწვევს ტარიფების ზრდის და ინფლაციის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. აღნიშნული ფაქტორის წვლილი 2021 წლის დეკემბრის ინფლაციაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

გიორგი ცუცქირიძის თქმით, არსებული პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, ფისკალური კონსოლიდაცია და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა შეუწყობს ხელს.

„ქმედითი ნაბიჯები იდგმება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მხრიდან ეროვნული საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარების მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტ დამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და მიწოდების სტიმულირებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში მოხდა ბიზნესის მხარდამჭერი ახალი პროგრამების ამოქმედება და ასევე ძველი პროგრამების მოდიფიცირება ახალი გამოწვევების საპასუხოდ. მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის დეკომპენსირებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს – მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები