ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელი დააკავეს
თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირისგან, ქრთამის სახით, იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც, სამსახურებრივი მფარველობისთვის, ერთობლივად ან ცალ-ცალკე, თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.