მირზა გელაშვილი: 2021 წელს 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განხორციელდა

“წინასწარი შეფასებით, 2021 წელს 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განხორციელდა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, 2021 წელს 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი და მშპ-ს 6.1 პროცენტი შეადგინა. შედეგად, შემცირდა მთავრობის ვალი 10 პროცენტული პუნქტით და 2021 წლის ბოლოს მან მშპ-ს 50 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ – 2019 წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 3.1 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის: ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, დაახლოებით, 30 პროცენტით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე ნახევრიდან აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლის 50 პროცენტს, მათ შორის, დეკემბერში – 58 პროცენტით, ფულადი გზავნილები გაზრდილია დაახლოებით, 25 პროცენტით, ჯამურად, ველოდებით, რომ 2021 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით, 2-2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მირზა გელაშვილის თქმით, გლობალური კრიზისის ფონზე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად შეძლო აღდგენის ფაზაში გადასვლა. „ბუნებრივია, არსებობს და ნარჩუნდება მაღალი რისკები გლობალურადაც და რეგიონშიც, თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდება მომავალშიც”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები