“რუსეთის მოქალაქეები კრიმინალური ავანტიურიზმის მძევლები ხდებიან” – რუსეთში უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ, ინტერნეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

დოკუმენტი, სახელწოდებით – “მშვიდობის მომხრეების განცხადება, რუსეთის ხელმძღვანელობაში ომის პარტიის წინააღმდეგ” “ეხო მოსკვის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მას ხელი მოაწერა რუსეთის ინტელიგენციის არაერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა. ხელმოწერების შეგროვებას ინტელიგენციის კონგრესი ხელმძღვანელობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ხდებიან კრიმინალური ავანტიურიზმის მძევლები, რასაც ემსგავსება რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ისინი არა მხოლოდ გაურკვევლობაში ცხოვრობენ, დაიწყება თუ არა დიდი ომი, არამედ აკვირდებიან ფასების მკვეთრ ზრდას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას“.

“ძლიერდება საგანგაშო ინფორმაციის ნაკადი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ. არსებობს ცნობები რუსეთში დაქირავებულთა ინტენსიური რეკრუტირებისა და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე საწვავის და სამხედრო ტექნიკის გადატანის შესახებ. საპასუხოდ, უკრაინა ინტენსიურად იარაღდება, ნატო დამატებით ძალებს აგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში. დაძაბულობა არ ქრება, პირიქით, მხოლოდ იზრდება.

რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ხდებიან კრიმინალური ავანტიურიზმის მძევლები, რომელსაც ემსგავსება რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ისინი არა მხოლოდ გაურკვევლობაში ცხოვრობენ – დაიწყება თუ არა დიდი ომი, არამედ აკვირდებიან ფასების მკვეთრ ზრდას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. სჭირდებათ თუ არა რუსებს ასეთი პოლიტიკა? სურთ თუ არა მათ ომი და მზად არიან თუ არა, აიღონ მისი ტვირთი? მისცეს თუ არა მათ ხელისუფლებას უფლება, ასე ითამაშოს მათი ბედით?

მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს არავინ ეკითხება. არ არის საჯარო განხილვა. სახელმწიფო ტელევიზიით მხოლოდ ერთი თვალსაზრისია წარმოდგენილი, და ეს არის ომის მხარდამჭერების თვალსაზრისი. იქიდან, ისმის პირდაპირი სამხედრო მუქარები, იჟღინთება აგრესია და სიძულვილი უკრაინის, ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ. მაგრამ, ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ომი წარმოდგენილია, როგორც მოვლენათა მისაღები და გარდაუვალი მიმდინარეობა. ცდილობენ, ხალხი მოატყუონ, თავს მოახვიონ დასავლეთთან წმინდა ომის იდეა, ქვეყნის განვითარებისა და მისი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლების ნაცვლად. ფასის საკითხი არ განიხილება, მაგრამ უბრალო ხალხს მოუწევს ამ ფასის გადახდა – უზარმაზარი და სისხლიანი ფასი.

ჩვენ, რუსეთის პასუხისმგებელი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, მივმართავთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ღიად ვიწვევთ ომის პარტიას, რომელიც ხელისუფლების შიგნით არის ფორმირებული.

ჩვენ გამოვთქვამთ რუსეთის საზოგადოების იმ ნაწილის მოსაზრებას, რომელსაც სძულს ომი და საგარეო პოლიტიკურ რიტორიკაში სამხედრო საფრთხისა და კრიმინალური სტილის გამოყენებასაც კი დანაშაულად მიიჩნევს.

ჩვენ გვძულს ომი და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მისაღებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ყველა მოქალაქის მშვიდობასა და კეთილდღეობას, თქვენ კი მათ სიცოცხლეს და ბედს თქვენს პოლიტიკურ თამაშში აყენებთ. თქვენ ატყუებთ და იყენებთ ხალხს, ჩვენ კი მათ სიმართლეს ვეუბნებით. ეს ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის სახელით და არა თქვენ, რადგან რუსეთის ხალხებმა, რომლებმაც მილიონობით ადამიანი დაკარგეს წარსულის ომებში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობენ ანდაზით: “ოღონდ არ იყოს ომი”. დაგავიწყდათ ეს?

ჩვენი პოზიცია უკიდურესად მარტივია: რუსეთს არ სჭირდება ომი უკრაინასთან და დასავლეთთან. არავინ გვემუქრება, არავინ გვესხმის თავს. ასეთი ომის იდეის ხელშეწყობაზე დაფუძნებული პოლიტიკა არის ამორალური, უპასუხისმგებლო და კრიმინალური, და არ შეიძლება განხორციელდეს რუსეთის ხალხების სახელით. ასეთ ომს არ შეიძლება ჰქონდეს არც ლეგიტიმური და არც მორალური მიზნები. ქვეყნის დიპლომატიას არ შეუძლია, სხვა პოზიცია დაიკავოს, გარდა ასეთი ომის კატეგორიული უარყოფისა.

ომი არა მხოლოდ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გიჟური ქმედებები, რომლებიც აქამდე მიგვიყვანს, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთში მასობრივი ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ჩამოყალიბებას. თითოეული ჩვენგანი, ბუნებრივად ხდება მისი ნაწილი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ და საჭიროების შემთხვევაში, შევაჩეროთ ომი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, საიტზე არის ხელმოწერების ბმულიც.

განცხადებას ხელს აწერენ მწერლები, მხატვრები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, უფლებადამცველები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები