ბექა გოჩიაშვილი ბრისტოლის ჯაზფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვა
თბილისის მერიის კულტურული ღონისძებების ცენტრისა და ბრისტოლის მერიის ხელშეწყობით, ბრისტოლის 2014 წლის ჯაზფესტივალს საქართველოს სახელით ბექა გოჩიაშვილი ესტუმრება. ახალგაზრდა ჯაზმენი ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის სტუდენტია და ყველაზე ახალგაზრდა აღსაზრდელი ამ სასწავლებლის ისტორიაში. 16 წლის ასაკში ბექა კომპოზიციებს ჯაზის ისეთ სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად იწერს, როგორიცაა: ჩიკ კორეა, ლენი უაითი, სტენლი კლარკი და სხვები. მუსიკოსი ლეგენდარულ „ბლუ ნოუტში“ უკრავს. ბექა გოჩიაშვილმა პიანინოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო, 4 წლისა უკვე სრულფასოვნად ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. 7 წლის ასაკში მეცადინეობა საქართველოში ყველაზე ცნობილ ჯაზის პედაგოგთან, პროფესორ ზურა რამიშვილთან დაიწყო. 10 წლისა კი უკვე თბილისის სხვადასხვა ჯაზკლუბში უკრავდა. ამერიკაში ჩაწერილ და გამოშვებულ სადებიუტო ალბომში ბექას რამდენიმე საკუთარი კომპოზიციაც შევიდა, ორი მათგანი მან კიტ ჯარეტს და ჩიკ კორეას მიუძღვნა. იგი მიიჩნევს, რომ მუსიკოსი ყოველგვარი კლიშეებისგან თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ ჯაზური მუსიკით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. როგორც თავად აღნიშნავს, სხვა მუსიკალური ჟანრებისგან მიღებული სიმდიდრე მუსიკოსს იმპროვიზირებისას იმაში ეხმარება, რომ თავისუფალი და კრეატიული იყოს.