საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა. მისი შექმნის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ ჰქონია კულტურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რამაც უნდა უზრუნველყოს კულტურის განვითარების პროცესის მდგრადობა. გასული წლის ივლისში მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების დროებითმა კომისიამ, რომლის წევრთა შემადგენლობა შეირჩა მათი საექსპერტო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შეიმუშავა ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც კულტურის პოლიტიკის ღირებულებებსა და ძირითად მიმართულებებს ადგენს. კომისია დოკუმენტზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ცნობილია, კომისიის თითოეული წევრის ანაზღაურებამ 2000 ლარი შეადგინა. კომისიის შემადგენლობა ასეთი იყო: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: თამარ ბოკუჩავა, ევროსაბჭოს კულტურის პოლიტიკის ეროვნული ექსპერტი: ნინო გუნია-კუზნეცოვა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: მარიამ დვალიშვილი, ხელოვნებათმცოდნე: მანანა თევზაძე, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი: სოფო კილასონია, იურისტი: ლევან მოსახლიშვილი და ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების კრიტიკოსი: ლალი პერტენავა. საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებს, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს აკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს კულტურის სფეროშიც, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების მიმართულებით.