თამარ გაბუნია: “ბუსტერ” დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გააქტიურება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, „ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე, ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით.
„ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, ისევ საჭიროა გააქტიურება. 8000 იყო, დაახლოებით, გუშინ ჩატარებული აცრების რაოდენობა. ძალიან კარგი ინიციატივაა 50 წელს ზემოთ 100-ლარიანი ფინანსური წახალისება „ბუსტერ“ დოზაზე. ჩვენი გამოცდილებით, ფინანსურმა წახალისებამ ყველაზე უკეთ იმუშავა 65 წელს ზემოთ პირებში და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ ვაქცინაციის პროგრამა გახდეს უფრო აქტიური, რაც რეალურად არის ძალიან ეფექტური კვლავაც, რადგან „ომიკრონის” ფონზე, დამატებითი კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებენ, რომ უკვე ჩატარებული 2 დოზა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან, თუმცა „ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე, ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.