გიორგი ცუცქირიძე: ფისკალური ავტონომიურობის კუთხით არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში

ფისკალური ავტონომიურობის კუთხით არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში, რაც ამ ტიპის განცხადებების პოპულისტურ ხასიათზე უფრო მიუთითებს, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ბიზნესმენებს იურიდიული მისამართის შეცვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ოპოზიციურ საკრებულოებში ქართული ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო ოაზისი იქმნება.

“მას შემდეგ რაც წალენჯიხაც ოპოზიციური გახდა, მიხეილ სააკაშვილმა აიტაცა რა ხაზარაძის და ტელეკომპანია “TV პირველი” ის ინიციატივა ბიზნესმენებს მოუწოდა იურიდიული მისამართი შეიცვალონ და გადარეგისტრირდენ წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

ეს მეტად იაფფასიანი პიარ სვლაც გასაგებია, მან უნდა შექმნას განცდა, რომ ოპოზიციურ საკრებულოებში ქართული ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო ოაზისი იქმნება. ადგილობრივ ბიუჯეტებში შევა დამატებითი შემოსავლები და დამატებით ახალი პროგრამებიც დაფინანსდება, რაც ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის. თუმცა, ამ თემით სპეკულირება, წამგებიანი ისევ მათთვისაა, რადგან ფისკალური ავტონომიურობის კუთხით მოქმედი კანონმდებლობით არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში, რაც ამ ტიპის განცხადებების პოპულისტურ ხასიათზე უფრო მიუთითებს.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით ადგილობრივი ორგანოებისთვის მხოლოდ საჯარო ხარჯების უფლებამოსილებაა გადაცემული და არა საგადასახადო ან დეცენტრალიზირებული ფისკალური ავტონომიის პირობები.

შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო პროგრამების დასაფინანსებლად საჭირო შემოსავლების ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტები და სუბსიდიებია. ამასთან, მოქმედი გადასახადებიდან ადგილობრივი მხოლოდ ქონების გადასახადია, თან რომლის განსაზღვრასა და ადმინისტრირებაში მუნიციპალიტეტის ორგანოები შეზღუდული არიან.

ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლებიც თვითმმართველი ორგანოების ფინანსური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან გადასახადიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში ქონების გადასახადი, საშუალოდ 4 %-ზე მეტი ისედაც არ არის.

ახლა ამ თემის გააქტიურება, ბატონი ხაზარაძისაგან არის ცოტა მოულოდნელი, მისი ბიზნეს ბეგრაუნდიდან გამომდინარე, მას კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის ინვესტიციები, ხოლო ადგილობრივ დონეზე საბიუჯეტო შემოსავლების დიფერენციაცია და ფისკალური ავტონომია თვითმართველობის რეფორმით შეიძლება განხორციელდეს. რეალურად კი, ეს მორიგი არაფრის მომცემი აჟიოტაჟი ოპოზიციური ფლანგის კრეატივის დეფიციტსაც გამოხატავს, როდესაც მოსახლეობისათვის სხვა სათქმელი არც არაფერი გაქვს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები