„და ერთი ლექსის სევდად ვბრუნდები“! – ცრემლის პრიზმიდან დანახული სამშობლო, გამოთხოვება ბერ ნიკოლოზთან და „თეთრი სარაფანი“…

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით ისტორიკოსია.
ლექსებს  ბავშვობიდან წერს და პერიოდულად  სხვადასხვა ქართულ ჟურნალგაზეთში აქვეყნებს.
2019 ლს ორი კონკურსის გამარჯვებული გახდა – პრემია ივერიისდა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი– „წმიდა ნინოს ჯვარი – 2019“-ის პირველი ადგილის მფლობელი.
2020 წელს გამოიცა ლექსების პირველი კრებული – „თეთრი სარაფანი. – ფიქრია ჩუბინიძის პერსონა.

 ვანის რაიონში, სოფელ უხუთში დაიბადეთ...
– იმერეთის ულამაზესი სოფელია, მთის კალთებზე შეფენილი ბაღჩა-ვენახებით და კეთილი ადამიანებით სავსე. ასეთ სოფელში გავიზარდე. დედა და ბებია სოფლის ექთნები იყვნენ, მამა  ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ჩვენს სახლში  მუდამ ხალხთმრავლობა იყო, სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. თუ ვინმე ავად გახდებოდა, ყველა ჩვენთან მორბოდა, დედა და ბებია იყო ყველას მაშველები და გადამრჩენელები იყვნენ. ზამთრობით დიდთოვლობის გამო გზა იკეტებოდა. მახსოვს, ქალს, სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ბებიაჩემმა, როგორც ძველმა ბებიაქალმა, სახლში ამშობიარა ის ქალი, და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მამა იყო „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, სწორედ მან შემაყვარა კითხვა და გამიკაფა გზა ლიტერატურის ლაბირინთებში სახეტიალოდ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის პროფესიით დაამთავრეთ. რატომ ისტორია? 
– ეს დიდი და სახალისო ისტორიაა, ჩემი ოჯახის უახლოესი გარემოცვა სამედიცინო სფეროს ადამიანებისგან შედგება, და, შესაბამისად, ოჯახში ყველას სურდა, რომ მეც სამედიცინოზე ჩამებარებინა. მე კი ეს სფერო საერთოდ არ მიზიდავდა.
ერთ დღესაც, მამამ კატეგორიულად მომთხოვა, რომ სამედიცინოზე შემეტანა საბუთები, მე კი განვუცხადე, რომ  ვაბარებდი გეოგრაფიულზე… კაცი გაგიჟდა, წარმოუდგენელი ემოცია ჰქონდა  და მითხრა – „იარე მთელი ცხოვრება ჯოხით და რუკითო“.
ამ საუბარში მამიდაჩემი შემოიჭრა, რომელიც იმ დროისათვის მათემატიკის კათედრაზე მუშაობდა და, როგორც იქნა, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმიყვანეს იმ დასკვნამდე, რომ ისტორიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ რაიკომის მდივნებად ისტორიკოსები ინიშნებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ისტორია მეც მიყვარდა და ამიტომ გადავწყვიტე. არც ვნანობ.
სტუდენტობა კი მახსენდება, როგორც უშუქობაში, უტრანსპორტობაში, პურის რიგში მდგარი საქართველო. თუმცა იყო ძალიან ლამაზი სამახსოვრო ორნამენტებით გაფორმებული სტუდენტური დღეებიც, რომლებიც დღემდე არ მავიწყდება.
ლექსებს ბავშვობიდან წერთ. უხუთი ჯემალ ქარჩხაძის სოფელია და ამას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა თქვენზე… პირველი ლექსები რაზე იყო?
– ნამდვილად ასეა, დედაჩემიც ქარჩხაძეა, ჯემალის მოგვარე და მონათესავე. რა თქმა უნდა, მისი ნაწარმოებები ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ღირებულია. ვწუხვარ, რომ ჩვენს სოფელში, მის მამისეულ ეზო-კარში დღემდე ვერ მოხერხდა მისი მუზეუმის დაარსება.
მახსოვს პირველი ლექსი  თოვლზე, სკოლაში ვწერდი  იუმორისტულ ლექსებს, ხან კლასელებს ვუწერდი, ხან – მასწავლებლებს. მოგვიანებით კი, რაიონის ადგილობრივ გაზეთში, „პენსო გაყინულაშვილის” ფსევდონიმით, საშარჟე ხასიათის ლექსებს ვწერდი.
–  სხვადასხვა დროს მუშაობდით ვანის რაიონში,  ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორად, გამგეობის კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ, განყოფილების გამგედ… გაზეთ „ეპოქას“ რედაქტორობდით…
– ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბების ეპოქა. ვინც იცის ვანის რაიონი, ისეთი რაიონია, სადაც ჭოგრიტში უყურებენ ადამიანის ნიჭსა და უნიჭობას, იქ მუშაობა რთული იყო, მაგრამ საინტერესო და ვფიქრობ, რომ წარმატებულად განვვლე, იქ მოღვაწეობის გზამ შემდგომ ბევრწილად განაპირობა ჩემი ცხოვრება.
დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად თეთრიწყაროს რაიონში გადახვედით, სადაც ისევ კულტურის სფეროში საქმიანობდით… პარალელურად ალბათ ლექსებსაც წერდით…
– თეთრიწყაროში ცხოვრების პერიოდიც კულტურასთან ასოცირდება. იქ ვმუშაობდი კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორად და ყველა მოვლენა, რაც კი კულტურის სფეროში ხდებოდა, ჩემი ორგანიზებით იგეგმებოდა. ვფიქრობ – წარმატებულადაც, რადგან ბევრი კარგი საღამო მახსენდება, რომლებიც დღემდე მრჩება შთაგონების ლამაზ წყაროდ. ლექსებს ვწერდი, ვწერდი, ვწერდი… ყველა ჩემი განცდა და ემოცია სტრიქონად რჩება.
როგორ მიხვედით კრებულამდე? რატომ „თეთრი სარაფანი“?
– კრებულად გამოცემა მეგობრებმა მირჩიეს. რთული იყო ამ გზის გავლა. არ ვიცოდი,  ღირდა თუ არა, რომ წიგნად გამოსულიყო. ამაში დამეხმარა ჩემი რედაქტორის, ბატონი სოსო სიგუას ურყევი აზრი, რომ უნდა დაბეჭდილიყო, რადგან პირველი შეკითხვა, რაც რედაქტორთან მქონდა, სწორედ ეს იყო. როცა ბატონმა სოსომ თქვა, რომ წიგნად უნდა გამოსცეო, მეგონა, ფეხებიდან დედამიწა გამომეცალა, ძალიან გამიხარდა.
მერე უკვე ყველა პროცესი, დიდი აღტაცებით და შემართებით გავიარე და წიგნიც გამოვიდა. რაც შეეხება წიგნის სახელწოდებას, ის ჩემს პირადულს უკავშირდება, რომელზეც ალბათ არასდროს ვიტყვი.
სამშობლო, სიყვარული, გარემომცველი სილამაზეები… ყველაფერი პოეტურ მუზას ემსახურება… და მაინც, რა გჭირდებათ შთაგონებისთვის? 
– ლექსი აღმატებული გრძნობის და ემოციური მუხტის შედეგია, თუ ეს ორი რამ არ იგრძენი, ლექსს ისე ვერ დაწერ. რაც უნდა მდიდარი ლექსიკური მარაგი გქონდეს, ლექსს ისე ვერ დაწერ, თუ გრძნობა ემოციასთან, ინტელექტთან, განწყობასთან, მუსიკასთან სინთეზურად არ შეათავსე და შეახამე, სულის წახნაგებში არ გაატარე და მერე გულში ლამაზ სტრიქონებად არ დაბადე…
ვფიქრობ, ჩემი ლექსები ასე იწერება. ლექსის დაწერა ტკივილია, ერთგვარი სასიამოვნო ტკივილი…
საინტერესოც გექნებათ გასახსენებელი…
– ამ შეკითხვაზე უნებურად ერთი ლექსი გამახსენდა, რომელიც ბერ ნიკოლოზს დავუწერე, იგი, სამწუხაროდ,  შარშან გარდაიცვალა.
ერთხელ ტაძრის ეზოში სინანულით მითხრა, ჩემზე ლექსი არავის დაუწერიაო. შინ რომ მივედი, იმდენად ემოციური იყო მისი ნათქვამი, რომ ლექსი ვუძღვენი…
ჰობი…
– სამზარეულო, ვგიჟდები გემრიელი კერძების მომზადებაზე და მერე ამით „ვტრიპაჩობ“.
ჯილდოები...
– „წმინდა ილია მართლის პროზა-პოეზია პრემია „ივერიის” წლის პოეტი – 2020“ და  პატრიოტული ლექსების ფესტივალი – „წმიდა ნინოს ჯვარი“ – პირველი ადგილი.
როდის აპირებთ მეორე კრებულის გამოცემას? ალბათ კრებულიდან კრებულამდე  გზა საინტერესოა?
– მალე, ძალიან მალე… პირველმა კრებულმა საკუთარ თავზე მუშაობის  განცდა და უნარი გამიათკეცა, ამიმაღლა განწყობა და უფრო მეტის გასაკეთებლად – სტიმული მომცა. ამიტომ დღეს ჩემი შრომა კოლოსალურია, თუმცა – მიზანსწრაფული და მიზანდასახული.
 ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ყველაზე დიდი წარმატება შვილია. გვიამბეთ ოჯახზე… შვილსაც – ტასოსაც ხომ არ დაჰყვა პოეტური ნიჭი?
– დიახ, შვილმა სამყარო სხვა თვალით დამანახა. იყო ქალი და იყო დედა – სხვადასხვა განზომილებაა. დედობამ ჩემში ძლიერი ადამიანური ინსტიქტები გააღვიძა და აამოქმედა. ტასო მათემატიკური აზროვნების უნარით გამოირჩევა. ოჯახი ჩემთვის ღვთისგან ბოძებულ სიწმინდესთან ასოცირდება, რომლის დაცვა და ზრუნვა ადამიანის უპირატეს მოვალეობად მიმაჩნია.
 „და სამშობლო მოჰგავდა, მიტოვებულ კელიას“…  – თქვენი სტრიქონია. და მაინც, როგორია დღევანდელი სამშობლო?
– ბოლოს მაინც შეძელით ცრემლამდე ჩემი მიყვანა. დღეს მხოლოდ ცრემლით თუ შეიძლება ადამიანმა ისაუბროს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც დაჭრილ ხოხობს ჰგავს. მტკივა და განვიცდი ჩვენს ახლანდელ ყოფას…. იმ იმედით ვარ, რომ რაღაც შეიცვლება, გაუმჯობესდება.
სიყვარული… რას ნიშნავს თქვენთვის?
– სიყვარული ჩემთვის ღმერთამდე ამაღლებული გრძნობაა. როგორც მამა გაბრიელმა თქვა, უფალი სიყვარულია. იგი წმიდა  და მარადიულია, ყოველ საქმესა და ქმედებაში სიყვარული უნდა ჩადო ადამიანმა, თუ გინდა კეთილი დასარული. სადაც სიკეთეა, იქაა უფალიც. მაშასადამე, სიყვარული უფლისმიერი გრძნობაა.
– ერთი ლექსი…

– სევდის ლექსი

ბევრჯერ მიმსხვრიეს რწმენის გოდოლი,
ბევრჯერ უცნობმა ბანგმა დამათრო,
როგორც მზისფერი ჭადრის ფოთოლი,
მეც დაზამთრების სუსხმა დამაკრთო…
შორს დავასახლე ტრფობის მერცხლები,
გზად დავეპურე ვნების ბეღურებს
და ოცნებებსაც ისე ვეცლები,
ვით დილის რთვილი ძველ ნაფეხურებს!
შემოვეკედლე კვლავ სიმარტოვეს,
ახლა ცხოვრებას ვიწყებ თავიდან!
ტკბილო სურვილო, რად მიმატოვე
გულში ამოწნულ სამალავიდან!
დაბინდებულა საყდრის სარკმელი,
მზე გაიკრიფა ცხელი უბიდან,
არსად არა სჩანს თითქოს საშველი,
რასაც ვლამობდი სიჭაბუკიდან!
აჰა, ეს ღამეც ცივი, მდუმარი,
ეკვრის ამ გულს და ეზოს ვარდიანს,
მხოლოდ მთვარეა ღამის სტუმარი
და ვარსკვლავები დარდებს ბარდნიან!
ნეტავ აქამდე როგორ გავძელი,
მიკვირს და მაინც ვსახავ იმედებს!
მოგონებები მაცოცხლებს ძველი,
ალბათ ის ერთიც, არ გამიმეტებს…
ავხედავ ცას და ირგვლივ ყოველი,
შეუცნობელი სიბრძნის ტევრია
და ეს სიცოცხლეც სევდის მთოველი,
მხრებით საზიდი  სულის კევრია!
ვიცი არ მწყალობს მაინც თემიდა,
მწარეა მისი მსჯავრის ხუნდები,
ვარ მოკვეთილი ტოლთა თემიდან
და ერთი ლექსის სევდად ვბრუნდები!
 სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმა ახალი წიგნია. იმედი მაქვს,  უფლის მადლით,  ერთი კრებულის  გამოცემას კიდევ შევძლებ. მინდა მკითხველამდე ისევ მივიტანო ახალი სათქმელი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები