დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-თან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რადგან ის შეიძლება, სამუდამოდ დარჩეს ჩვენთან, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა, – წერს Sky News-ი.
„კოვიდი არ გაქრება. ის ჩვენთან იქნება მრავალი წლის განმავლობაში, შესაძლოა, სამუდამოდ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ცხოვრება. ვფიქრობ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპას პანდემიიდან ენდემურზე გადასვლაზე და ჩვენ ლიდერები ვართ იმაში, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგიძლია, იცხოვრო COVID-თან ერთად“, – თქვა ჯავიდმა.
მინისტრმა დასძინა, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ყოველწლიური ვაქცინაცია.
კითხვაზე, სურს თუ არა მას, ვირუსი გრიპს შეადაროს, ჯავიდმა უპასუხა: ”დიახ, რადგან ჩვენი გადაწყვეტილება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ COVID-თან ცხოვრება”.
„სამწუხაროდ, გრიპითაც იღუპებიან ადამიანები. გრიპის მძიმე წელს თქვენ შეიძლება, დაკარგოთ, დაახლოებით, 20 ათასამდე სიცოცხლე, მაგრამ ჩვენ არ ვკეტავთ მთელ ქვეყანას და არ ვაწესებთ ბევრ შეზღუდვას მასთან საბრძოლველად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება გონივრული და პროპორციული ზომებით“, – დასძინა მინისტრმა.
19 იანვარს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კოვიდპასპორტები, დისტანციურად მუშაობისა და საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმა.