“ნაცმოძრაობა”: ვითხოვთ, დაეკისროთ პასუხისმგებლობა დავით ფაცაციასა და ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები
“ნაციონალური მოძრაობა” სანატორიუმ “ქართლის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.
ვუსამძირებთ ოჯახსა და მთელს საქართველოს.
იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული.
ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.
დღეს ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით, დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს.
დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით – ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, გამოააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა – ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები.
დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – ნათქვამია განცხადებაში.