კულუმბეგოვი: ოჯახებს, რომელთა ბავშვები აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები არიან, ვურჩევდი, სწავლების ონლაინრეჟიმი აირჩიონ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან, ონლაინსწავლების რეჟიმს ურჩევს. ამის შესახებ კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთავარი პრინციპი, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ, რასაც „გაერო-ს ბავშვთა ფონდი“ და მსოფლიოც მოუწოდებს, არის ის, რომ სკოლა უნდა გაიხსნას პირველი და სკოლა უნდა დაიხუროს ბოლო. სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. რაღაც ტიპის რისკები, ბუნებრივია, არსებობს, მით უმეტეს, შიდასაზოგადოებრივი გავრცელების იმ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

მე, როგორც ექიმი, მივცემდი რეკომენდაციას, სწავლების ონლაინრეჟიმი აირჩიონ იმ ოჯახებმა, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები. აუცრელობა ერთი -ასაკობრივი შეზღუდვით, ან როცა მათი სურვილით, 12 წლის ზემოთ არ ცრიან შვილებს. მაგალითად, თუ აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტი, ნევროლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ბავშვების ონლაინსწავლებაზე დატოვებას ვურჩევდი. მეორე მხრივ, ბავშვი შეიძლება, იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც ასაკოვანი ადამიანები არიან. ასეთ ოჯახებსაც ვურჩევდი ონლაინსწავლებაზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში, სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები