შოიგუ თოყაევს არ ეთანხმება:  ყაზახეთიდან ჯარები ვითარების სტაბილიზაციამდე არ გავლენ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) სამშვიდობო ძალები დაასრულებენ თავიანთ მისიას ყაზახეთში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოში სიტუაციის სრული სტაბილიზაციის შემდეგ.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიერ ამოცანების შესრულება განხორციელდება მანამ, სანამ ყაზახეთის რესპუბლიკაში ვითარება სრულად არ დასტაბილურდება, ბუნებრივია, ყაზახეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა შოიგუმ.

მინისტრის თქმით, „ამჟამად, კუხო-ს სამშვიდობო ძალები ყაზახეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამხედრო, სახელმწიფო და სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებს იცავენ“.

მისი თქმით, ორგანიზაციის ძალებმა ყაზახეთის ტერიტორიაზე განლაგება 9 იანვარს დაასრულეს.

„უმოკლეს დროში – სულ რაღაც სამ დღეში – რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გადაისროლეს. ეს შესაძლებელი გახდა კუხო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქმედებების მაღალი კოორდინაციისა და ეფექტურობის წყალობით, რომელიც მიღწეულია ერთობლივი წვრთნებით, ასევე, სირიაში რუსული ჯარებისა და მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებისას მიღებული გამოცდილებით“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შოიგუს განწყობა ეწინააღმდეგება ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ თოყაევის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კუხო-ს ჯარების გაყვანა უკვე ორ დღეში დაიწყება, რადგან კონტინგენტმა ამოცანა წარმატებით შეასრულა.

თოყაევის თქმით, გაყვანის პროცესს, სავარაუდოდ, 10 დღე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები