მამუკა ხაზარაძე: რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მოსამართლემ, ივანიშვილმა ეს ბრძოლა მორალურად წააგო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როგორც  უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც  უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ბრძოლა მაინც წააგო. შესაბამისი განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც სისტემამ გააღატაკა.

“ეს ბრძოლა წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ვერ შეგვაჩერა. უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა – სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა. ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ გრძელდება უკვე 3 წლის განმავლობაში არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის – ეს არის სიღატაკე, გაჭირვება და ემიგრაცია. დროა, რომ თითოეული ჩვენგანი გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი არ გავალთ ფონს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმები და გამოსავალი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა.
გუშინწინ ჩამოვედი, 3 დღით ვიყავი წასული დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა ქვიშა და არ ჰქონდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ღმერთის წყალობით, ჩვენ წყალიც გვაქვს, ქვიშაც, ყველანაირი მიწა და ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ ასეთი სისტემაა ამ ქვეყანაში, ასეთი სასამართლო, პროკურატურა და უსამართლობა არის ამ ქვეყანაში. ბრძოლა გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა მორალურად წააგო. დანარჩენ შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები