ნათია თურნავა: ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია
“ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ინფლაციის დონის დაწევაა მოსალოდნელი.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა – მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, “ფაო”-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს- 3-4 % მაქსიმუმ”, – განაცხადა თურნავამ.