ნათია თურნავა: ეკონომიკური თვალსაზრისით, გასული წელი იყო რთული, მაგრამ – საკმაოდ წარმატებული

“ეკონომიკური თვალსაზრისით, გასული წელი იყო რთული, მაგრამ  – საკმაოდ წარმატებული, რადგან ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10,7%-ისა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შემოსავლები ტურიზმიდან მოსალოდნელზე მაღალია.

„ის ვარაუდი, რაც ჩვენ გვქონდა, როდესაც გაზაფხულიდან წამოვიდა გამოცოცხლებისა და აღდგენის ტენდენცია, რომ ჩვენ დავასრულებთ წელს ორნიშნა ზრდით, მიღწეულია და მეტიც, ზრდა 10%-ზე მეტი იქნება. უნდა დაველოდოთ დაჯამებას, რომელიც იანვრის ბოლოს იქნება. ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2022 იყოს უფრო მეტად წარმატებული წელი, მეტი საშუალება გვქონდეს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სახელმწიფოს ვალის დონე. შეგვიძლია, რომ მშპ-სთან მიმართებით მთელი 10 პუნქტით შევამციროთ ეს მაჩვენებელი. ასევე შეგვიძლია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა უკვე ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და ბიზნესის წახალისებასთან. ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ფაქტორები გასულ წელს იყო ექსპორტი და მათ შორის 80%-ით ქართული წარმოების ექსპორტი, რომელმაც 2021 წლის 11 თვეში გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს. ასევე, მოსალოდნელზე მაღალია შემოსავლები ტურიზმიდან. ეს სფერო კვლავაც ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქართველო კვლავაც რჩება ტურისტულ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად, სადაც ტურისტები დღესაც ჩამოდიან. ტურისტული თვალსაზრისით არ ველოდით ასეთ სწრაფ აღდგენას, რომელიც მოხდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორად გატარებული და დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად ჩვენ გვაქვს მოსალოდნელზე მაღალი აღდგენის ტემპი“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები