ოკუპირებულ გალში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი – თემურ ზუხბა და მურმან ლემონჯავა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც “კანონიერი ქურდი – მურმან გალსკი”.
აღინიშნება, რომ თემურ ზუხბას ჩხრეკისას 6 შეკვრა “მეტადონი” აღმოაჩნდა, თუმცა, მისი თქმით, ნარკოტიკების პარტია, რომლის საერთო წონა 8 გრამს აღემატება, მურმან ლემონჯავამ შეიძინა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
უწყების თანახმად, ლემონჯავამ ზუხბას 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება 150 ათას რუბლად გადასცა გასაყიდად, დანარჩენი კი სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ოკუპირებული გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.