კახა გოგოლაშვილი: რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის, რუსეთს ამ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგალური შესაძლებლობა მიეცა

“რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის, რუსეთს ამ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგალური შესაძლებლობა მიეცა”,- ამის შესახებ ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყაზახეთში თუ ოპოზიციამ მოახერხა ხელისუფლების დამხობა, რუსეთის ჯარები დაიკავებენ ასტანას და ჩრდილოეთ ყაზახეთის ხუთივე ოლქს, სადაც რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობა მინიმუმ 50% შეადგენს, სხვა ქალაქებსა და ტერიტორიებს.

“რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის, რუსეთს ამ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგალური შესაძლებლობა მიეცა. ცნობილია, რომ რუსეთს გააჩნია ირედენტისტული პრეტენზიები ყაზახეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების მიმართ, რასაც ოფიცილაურად არ უყენებს, მაგრამ მრავალი რუსი პოლიტიკოსი და თავად პუტინიც ხშირად აკეთებდა მიმანიშნებელ კომენტარებს ამის თაობაზე. 2014 წლამდე რუსეთს არც უკრაინის ტერიტორიების მიმართ ჰქონია ოფიციალური პრეტენზიები, მაგრამ, როგორც კი მოსახერხებელი მომენტი გამოჩნდა სწრაფად მოახდინა ყირიმის ანექსია და, შემდგომ, დონბასის ოკუპირება.

ზუსტად ანალოგიური მომენტია ახლა ყაზახეთში და, თუ ოპოზიციამ მოახერხა ხელისუფლების დამხობა, რუსეთის ჯარები დაიკავებენ ასტანას (სადაც ოპოზიციას ამ მომენტში არ გააჩნია დასაყრდენი) და ჩრდილოეთ ყაზახეთის ხუთივე ოლქს, სადაც რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობა მინიმუმ 50% შეადგენს (ორ ოლქში კი 60%-ზე მეტია) სხვა ქალაქებსა და ტერიტორიებს. რუსები ამ ტერიტორიებს ციმბირის ნაწილად განიხილავენ და არა მგონია ყაზახეთში ხელისუფლების ცვლიელბის შემდგომ ისინი რუსეთის ჯარმა დატოვოს. ასე მოახდენს რუსეთი, “თავისი ძირძველი მიწების დაბრუნებას” (როგორც ამას სოლჟენიცინი იტყოდა), თავად ყაზახეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე. ერთად ერთი შანსი, რომ რუსეთმა არ მოახდინოს ამ მიწების შემდგომი ანექსია არის ის, თუ ყაზახეთის ახალი ხელისუფლება რუსეთს სრულ ლოიალობას შეპირდება. ამ შემთხვევაშიც კი, რუსეთი დაიკანონებს სამხედრო ყოფნას ჩრდილოეთ ყაზახეთში და იქ მნიშვნელოვან სამხედრო ძალას განათავსებს. საგულისხმოა, რომ ამრიგად რუსეთს კიდევ ერთი მტერი გაუჩნდება და უკრაინას და საქართველოს კი მოკავშირე, ეს აშკარაა.

მოვლენების სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში, თუკი რუსეთის დახმარებით ყაზახეთში აჯანყების ჩახშობა მოხერხდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მაინც არ დატოვებენ ყაზახეთის ტერიტორიას, რითიც გრძელვადიან პერსპეტივაში ამ მიწებზე რუსული ეთნოსის მომძლავრებას შეუწყობს ხელს და, ადრე თუ გვიან (როგორც ალბათ კრემლში ვარაუდობენ), რუსეთი ამ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ან ყაზახეთზე სამუდამო კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენებს.

როგორ მოიქცევიან შუა აზიის სხვა ქვეყნები და რა პოზიციას დაიკავებენ რუსეთთან მიმართებაში ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია”,- წერს გოგოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები