საკეისროს შემდეგ დაღუპული ორსული – კლინიკა ბრალდებებს უარყოფს

19 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გააკეთეს. სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ბრალდებებს მედიკამენტების უვარგისობასა და ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით უარყოფენ.

ექიმ გიორგი ხუციშვილის განცხადებით, საკეისრო კვეთის დროს ორსულს გული გაუჩერდა, თუმცა, სამედიცინო პერსონალმა ვითარების დარეგულირება შეძლო.

“ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა გულის რითმი. პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც, 15-დღიანი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა და განვითარდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მედიკამენტებს რაც შეეხება, ყველა მედიკამენტი, რომელიც კლინიაკში არის და ამ შემთხვევაში გამოიყენება, არის ლიცენზირებული და დამტკიცებული სამინისტროს მიერ.

…მიზეზებზე თავს შევიკავებ განმარტებისგან, უნდა დაველოდოთ დასკვნას”, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 19 წლის გოგოს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა და კომაში ჩავარდა, 2 კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა უვნებლად შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები