სოზარ სუბარი: ბოლო ორ წლის განმავლობაში დევნილთა მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბოლო ორ წლის განმავლობაში დევნილთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო, რომელიც დევნილთა უმრავლესობისთვის დახურული და ხელმიუწვდომელი იყო, დღეს გადაიქცა ღია უწყებად, სადაც დევნილებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია.
“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში იყო დევნილთა რეგისტრაცია. 2007 წლის რეგისტრაციის მიხედვით, სულ აღრიცხული იყო 271 ათას 832 პირი, შარშან ჩატარდა რეგისტრაცია და 17 ათასამდე ადამიანს შეუწყდა დევნილის სტატუსი. დღეს კრიტერიუმები არის ძალიან მკაფიო და პრეტენზიები ხშირ შემთხვევაში არ არსებობს. ბინების განაწილებასთან დაკავშირებით შეიქმნა ახალი კრიტერიუმები, ამან არა მხოლოდ სამართლიანობის პროცესი დანერგა, არამედ თვითონ დევნილების უკმაყოფილება დაიყვანა ნულამდე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა არის დევნილთა შემწეობის გაზრდა.
“დევნილების შემწეობა 45 ლარამდე გაიზარდა. ეკომიგრანტების რაოდენობა 37 224 შეადგენს”, – განაცხადა სუბარმა.