ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ხელფასებს გაუყინავენ, ამავდროულად ექიმებს, მასწავლებლებს (მათ შორის სკოლის მასწავლებლებს), სოციალურ მუშაკებს, სამხედრო პერსონალსა და მეხანძრეებს გაუზრდიან.
მასწავლებლების, ექიმებისა და სოციალური მუშაკების ხელფასები გაიზრდება 2-6%-ით, მეხანძრეების, სამხედრო და პოლიციის თანამშრომლების ხელფასები – თვეში დაახლოებით 27 ევროთი.
მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომლის წევრებიც წინასწარ არიან ინფორმირებულები, რომ მათი ხელფასებიც გაიყინება.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების პროფკავშირი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ხელფასების გაყინვა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე, არამედ – ათიათასობით რიგით მოხელეზეც, რომლებსაც ინფლაციის სიმძიმის გადატანა მოუწევთ.