მასშტაბური სანქციები რუსეთის მიმართ, მისი მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შემთხვევაში უკვე მომზადებულია. ამის შესახებ ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან დეტალები ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა.
კითხვას, როგორ უნდა იქნას მიღწეული მეტი პატივისცემა რუსეთის მხრიდან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასე უპასუხა: „რუსეთს ნათლად უნდა განემარტოს, რომ ნებისმიერ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ დახვდება შემხვედრი სანქციები მასშტაბური შედეგებით. ისინი უკვე მზად არის. ევროპული ქვეყნები ერთიანნი არიან და პარტნიორებთან ერთად მოქმედებენ. ჩვენ გვსურს გვქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული. მან უნდა შეწყვიტოს თავისი პროვოკაციები.“
კითხვაზე, ხომ არ მოხდება უკრაინის ინტეგრაციის პროცესის დამუხრუჭება და ხომ არ შეეხება ეს ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიც არიან სომხეთი ან საქართველო, ევროკომისიის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ასევე მათ ტერიტორიულ მთლიანობას და მათ უნარს თავისი ბედი თავად გადაწყვიტონ.“
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მასშტაბურ განლაგებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა 16 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, სადაც შეთავაზებულია რუსეთის გამოთშვა მსოფლიო საბანკო საგადასახადო სისტემა SWIFT-სგან, იმ შემთხვევაში თუ კი ფართომასშტაბიანი აგრესიას დაიწყებს. შესაბამისად, უკვე ჩანს, რომ პუტინს და მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება უკრაინაში შეჭრის მცდელობა. მოსკოვი ახლა აქცენტს აკეთებს უკრაინის ნატოში შესვლის წინააღმდეგ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, მაგრამ დასავლეთი მზად არის დიალოგი გასამართად მხოლოდ უკრაინის საზღვართან დეესკალაციის შემთხვევაში. რამდენსაც არ უნდა იმუქრებოდეს პუტინი, ის ნელნელა დათმობაზე მიდის. ამ ეტაპზე, არსებული კონფლიქტის თაობაზე მსჯელობისთვის გერმანია და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ. ორივე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები აპირებენ გამართონ შეხვედრა 2022 წლის იანვრის დასაწყისში. მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე გაიმართება გერმანიის კანცლერის მრჩევლის იენს პლეტნერისა და ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენლის დმიტრი კოზაკის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ კი-23 დეკემბერს გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე გამართა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. კრემლის მეთაური თავის ჩვეულ სტილს არ იშლის, მუდმივად ცდილობს დაძაბულობის შენარჩუნებას და მუქარის ქვეშ ამყოფებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა. თუმცა, მას უკვე დაუპირიპირდა დასავლეთის ერთიანობა, შესაბამისად მას ფანდები აშკარად მოუძველდა.