ზაალ ანჯაფარიძე: ენჯეოების პოზიციით 2019 წელს პარლამენტს მოუწოდებდნენ, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ, ის მათთვის მისაღები გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა

“როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის ინტერესიც არის ერთი -თანამდებობაზე შეინარჩუნონ მათთვის მისაღები ფიგურა, ლონდა თოლორაია, მისი პოზიციების გამო სააკაშვილის საქმეზე”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტს.

ანჯაფარიძე 2018-2019 წლის ამბავს იხსენებს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ პარლამენტს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ. აგრეთვე, გამოთქმული იყო კრიტიკა, რომ ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევა საფრთხეს შეუქმნიდა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედება ახდენს სამოქალაქო სექტორის პოლიტიზებას და საზოგადოებაში აჩენს უნდობლობას.
„ენჯეოების ნაწილი სააკაშვილთან დუეტში აპროტესტებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და ჩვეულ სტილში მოჰყავთ “არგუმენტები,” რომლებიც ადვილად ბათილდება ამავე ენჯეოების პოზიციით 2019 წელს, როდესაც ისინი პარლამენტს მოუწოდებდნენ, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ, ანუ მაშინ მათთვის თოლორაიას კანდიდატურა არ იყო მისაღები. ის მათთვის მისაღები გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა. მეორეც, თავად სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის და დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ერთ უწყებაში თავმოყრას. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ჯერ კიდევ 2018 წლის 14 თებერვალს გამოთქვა კრიტიკა სახელმწიფო ინსპექტორის არსებული მოდელის შესახებ და ამ სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე. მომყავს ციტატა – “ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას.” და ახლა, როდესაც ისინი ერთმანეთისგან იმიჯნება, ატეხეს გნიასი. როგორც უკვე დავწერე, მათი და, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის ინტერესიც არის ერთი — თანამდებობაზე შეინარჩუნონ მათთვის მისაღები ფიგურა ლონდა თოლორაია, მისი პოზიციების გამო სააკაშვილის საქმეზე. ამაზე კი სასამართლო იმსჯელებს რამდენიმე დღეში. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და სექტორის ერთი ნაწილის პოლიტიზაცია, არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის მიმართ მოსახლეობის ნდობა უკვე წლებია ერთნიშნა ციფრს არ სცდება“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები