„ვიღაც ჩემი სვანეთის კოშკებით რომ ივლის ამერიკაში ან ევროპაში, უკვე რაღაცას ნიშნავს“ – იურისტი, რომელიც ფერადოვან შარფებს ქმნის, „ფხოველი“ და „საქართველო არის ესე“

პროფესიით იურისტიმაგისტრის ხარისხის ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. ბავშვობაში დადიოდხატვაზე.  ამბობს, რომ თავისუფლების შეგრძნების დიდი მოთხოვნილების გამო, საჯარო სამსახურიდან საკუთარი ნებით წავიდა. ყველაფერში ემოციებს ვეძებ  და მიყვარს თავგადასავლები.  მიყვარს რისკები. მძაფრი შეგრძნებები“.
ამიტომ ცხოვრებაში სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა. ბოლო დროს კი ქმნის შარფებს, აბრეშუმზე მერინოსით მუშაობს, რაც განსხვავდება თექის ჩვეულებრივი დამუშავებისგან და საქართველოში ბევრი არ აკეთებს.
საკუთარი საქმისა და თავისუფალი დროის ხარჯზე გააფართოვინტერესის სფერო.
უყვარს ბუნება და მცენარეებთან ურთიერთობა, პერმაკულტურის მეთოდით ეწევსახლში მებოსტნეობა– მეღვინეობას.
სამომავლოშარფების ბიზნესი გაფართოებას აპირებს, რამდენიმე პროექტი დაიწყო კიდეც, მათ შორის საქართველარის ესე“... გეგმავსხვა თემატურ კოლექციებს. – იურისტისა და ხელოვანის, ნინო სხირტლაძის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, თუმცა წარმოშობით რაჭველი ვარ, მრავალძალი ჩემი სოფელია. რომ მეკითხებიან, საიდან ხარო, ვპასუხობ, მრავალძლიდან ვარ-მეთქი. მეამაყება, მინდა ბევრმა ადამიანმა გაიგოს ჩემი სოფლის შესახებ. სანამ პატარა ვიყავი, იშვიათად დავდიოდით სოფელში, თუმცა მამაჩემისა და ბებიაჩემისგან ჩანერგილი მქონდა იქაურობის სიყვარული. ცოტა რომ დალაგდა ქვეყანა, მერე უფრო ხშირად ვახერხებდით. ახლა ყოველ წელს დავდივარ. მშობლები გეოლოგები არიან. მთელი ახალგაზრდობა ბუნებაში გაატარეს. პატარა რომ ვიყავი, მამას ხშორად მივყავდი თავის ძველ სამსახურში, სადაც რუკებს ხატავდნენ, ბევრი ფერადი ფანქარი ელაგათ მაგიდებზე და უამრავი ქვის და ქანის ნიმუში ჰქონდათ. ეს ბავშვობის ერთ-ერთი ფერადი მოგონებებია. სამწუხაროდ, 90-ანები ჩემს ოჯახსაც ისევე შეეხო, როგორც სხვა ძალიან ბევრს. მშობლებმა სამსახური დაკარგეს და ნულიდან დაწყება მოუწიათ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ხელოვნება. მამაჩემის ფერადი ფანქრების გამო გამიჩნდა ხატვის ინტერესი. რამდენიმე წელი ხატვაზე საბავშვო ხატვის წრეზე მურად იმაანიძესთან დავდიოდი, დღემდე ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელია. სხვა ხელსაქმეს რაც შეეხება, ბებიაჩემი  ძალიან კარგად კერავდა. მამიდაჩემი ქსოვდა. დედაჩემიც კერავს და ბავშვობიდან ამ გარემოში ვიზრდებოდი, ყველა რაღაცას აკეთებდა. მეც თავისთავად გამიჩნდა რაღაცების სწავლის სურვილი.
– პროფესიით იურისტი ხართ, მაგისტრის ხარისხით… რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა, როცა ხელოვნებისკენ გქონდათ მიდრეკილება?
–  1990 წელს, ბნელ 90-ანებში დავიბადე. არ გვქონდა არაფერი, რაც კომფორტად ითვლებოდა. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. 14 წლის რომ ვიყავი,  სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, მთელი სიმძაფრით აღვიქვი. ამიტომ გადავწყვიტე ხატვისთვის თავის დანებება და მთელი რესურსის სხვა პროფესიის შესწავლაში ჩადება. ნიჭი ნიჭია და ვერავინ წაგართმევს, ეწერება ეს დიპლომზე თუ არა – მნიშვნელობა არ აქვს. პროფესია კი ისეთი რამეა, რაც გიქმნის გარემოს, საჭირო ადამიანებს გაცნობს. იურისტის პროფესია ძალიან საჭიროა. განათლება, რომელიც ამ სფეროში მივიღე, ფასდაუდებელია.  ყოველდღიურ საქმიანობაში მადგება. აზრობვნებას ავითარებს. არ ვნანობ ჩემს არჩევანს, უკან რომ დავბრუნდე ისევ იგივეს გავაკეთებდი.
– საჯარო სამსახურიდან წახვედით… ანუ ახალი ეტაპი დაიწყო თქვენს ცხოვრებაში. ასეა ხომ?
– დიახ, ასეა. ზოგადად, 16 წლიდან ვმუშაობდი დროებით სამუშაოებზე, რომ რაღაც შემოსავალი მქონოდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიით დავსაქმდი. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან სრულიად დამოუკიდებლად მივაღწიე ამ ყველაფერს, გავიარე კონკურსი და გასაუბრება, შემდეგ – სტაჟირება და შემარჩიეს.
იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან მეამაყებოდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ვიგრძენი დისკომფორტი. მთელი სტუდენტობა ვსწავლობდი, ვმუშაობდი, მაგრამ თავისუფალი გრაფიკით. ეს ჩემს თავისუფლებას არ ზღუდავდა. საჯარო სამსახურში, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირადაა. მეტი პასუხისმგებლობა და მეტი წნეხი გაქვს.
გაზაფხულის ერთ ძალიან ლამაზ მზიან დღეს, ფანჯრიდან რომ ვიხედებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცხოვრება მეპარებოდა, სადღაც გვერდით, ჩემს პარალელურად, ისე გადიოდა, ვერ აღვიქვამდი. იმ პერიოდში დედა გავხდი და წამოვედი კიდეც საჯარო სამსახურიდან…
ამით დაიწყო ჩემი ახალი ეტაპი ცხოვრებაში, თან ბავშვს ვზრდიდი, თან ბიზნესის განვითარება დავიწყე. საერთოდ უცნაური ხასიათი მაქვს, როგორ კარგ გზაზეც არ უნდა ვიდგე, მეტ-ნაკლებად გარანტირებულად მივდიოდე წარმატებისკენ, შემიძლია ძალიან მარტივად ვთქვა უარი და გადავუხვიო სრულიად სხვა გზაზე, ახალი თავგადასავალის ძიებაში.
– ამზადებთ სხვადასხვანაირ დაქარგულ შარფებს. რატომ მაინცდამაინც შარფები?
– შარფებამდე დიდი გზა გავიარე, სხვადსხვა მცდელობით… მინდოდა რაღაც ახალი, ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა.
მცდელობების დროს ვისწავლე მომხმარებელთან ურთიერთობა, შრომის ფასი და ბევრი ისეთი დეტალი, რასაც ბიზნესში მხოლოდ პირადი გამოცდილება თუ გასწავლის. ვიფიქრე, ტანსაცმელზე დამეხატა, მაგრამ ამას საქართველოში ბევრი აკეთებს. ამ ძიებაში ვიყავი, როცა დედაჩემმა ერთ-ერთ საიტზე ნახა ასეთი შარფები. არცერთმა არ ვიცოდით, როგორ და რანაირად უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ვცადეთ. ვიფიქრე, თუ ეს გამოვიდოდა, შემეძლო შაფებზე „მეხატა“, რაც მომინდებოდა და გამოვიდა კიდეც.
– თქვენეული მეთოდით მუშაობთ…
შენეულ მეთოდს ვერ მოიგონებ, თუ არ ისწავლე ჯერ ის, რაც სხვებმა გაიარეს, 7-8 თვე მარტო ტექნიკის შესწავლას დასჭირდა. პარალელურად მოვიძიე ინფორმაცია, ამ მხრივ საქართველოში რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ თექაზე მომუშავე ხელოვანების უმეტესობა მაინც წულზე მუშაობს და ტრადიციულ მეთოდებს მისდევს.
აბრეშუმზე მერინოსით მუშაობა სრულიად განსხვავებული ტექნიკაა და ამას საქართველოში ძალიან ცოტა აკეთებს, და თუ აკეთებს, ისინიც იმ მეთოდს მისდევენ, რაც საერთაშორისოდ არის ცნობილი. ამის გამო ასეთი შარფების ფასი საკმაოდ მაღალია და ძირითადად ისინი საზღვარგარეთ ყიდიან, რადგან საქართველოში ყველას არ აქვს იმის საშუალება, აქსესუარში დიდი თანხა გადაიხადოს.
მე მინდოდა ჩემი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ დავიწყეთ ახალი ექსპერიმენტების ჩატარება, საბოლოოდ შემიძლია გითხრათ, რომ საჩემო მეთოდს მივაგენი, რამაც საშუალება მომცა, ოდნავ დამეწია ფასი შარფებზე და მქონოდა ფასების მრავალფეროვნება ყველა სახის მომხმარებლისათვის.
– თქვენს გვერდს „ფხოველი“ ჰქვია… რატომ? ძირითადად რომელ შარფებზეა მოთხოვნილება და ინტერესი?
– როდესაც გადავწყვიტე, ბიზნესი დამეწყო, სახელზე ბევრი ვიფიქრე. ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი სახელი, რომელიც „ქართულად ჟღერს”, ორიგინალური და რაღაც შინაარსის მქონე. ვინაიდან ჩემი შვილი გვარად ფხოველიშვილია, ხოლო მისი ისტორიული გვარი – ფხოველი, გადავწყვიტე, ბიზნესისთვის „ფხოველი“ მეწოდებინა. ვიფიქრე, თუ აქედან რამე კარგი გამოვა,  ჩემს შვილს, დედისგან საჩუქრად დარჩება და იამაყებს ამით მომავალში-მეთქი. ისედაც ეს ბიზნესი მაშინ დავიწყე, როცა ტაი გავაჩინე, ფაქტობრივად, ცალ ხელში ბავშვი მეჭირა და ცალი ხელით საქმეს ვაკეთებდი, ერთად ვისწავლეთ ეს საქმე.
არის თემატური შარფები, რომლებიც ძალიან პოპულარულია, მაგალითად – შემოდგომა, გვირილები, მზესუმზირები, ოცნების ქალაქი.. ზუსტ ანალოგებს არასოდეს ვაკეთებ, არც შეკვეთით, რაღაც მაინც იცვლება ყველა მათგანში, ყველას რაღაც ექსკლუზივი აქვს…
– საინტერესო ამბებიც გექნებათ მოსაყოლი…
ზოგადად, როდესაც საქმეს ააწყობ, მეტ-ნაკლებად არეგულირებ ყველაფერს და ცოტა დუნდები, ადამიანური მომენტია, უკვე „კომფორტის ზონა“ გექმნება. „კომფორტის ზონაში“ კი განვითარება არ ხდება. ხშირად ვაგდებ ხოლმე საკუთარ თავს „კომფორტის ზონიდან“, რომ რაღაც ახალი მოვიგონო და წინ წავიდე. ერთხელ ჩემი მუდმივი მომხმარებელი დამიკავშირდა და მთხოვა, შარფი შემექმნა, რომელზეც გავაკეთებდი წარწერას თექითვე, ეს შარფი უნდა გადაეცა უცხოელისთვის საჩუქრად და მთხოვა, იდეალური იყოს, არ შემარცხვინოო. წარწერა არასოდეს მქონდა გაკეთებული, მაგრამ ვუთხარი, კი, არაა პრობლემა, დათქმულ დროში ჩაგბარდება-მეთქი. არადა, აზრზე არ ვიყავი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, სახელი და რეპუტაცია ჩემთვის ყველაფერია, ამიტომ დაძაბული ვიყავი, მახსოვს, 5 დღე მქონდა სამუშაოდ, შარფი თითქმის მზად იყო, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა წარწერა. ძალიან ბევრი მცდელობის შემდეგ ჩაბარების წინა ღამეს  გამომივიდა იდეალური წარწერა.

ზოგადად, კრიზისულ სიტუაციებში კიდევ უფრო კარგად ვმუშაობ. აი ამ სტესისგან გამოწვეული ადრენალინი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ახლაც ასე ვარ – როგორც კი ვხვდები, რომ „კომფორტის ზონა“ მექმნება, ვცდილობ, რაიმე კრიზისული შევქმნა ჩემ ირგვლივ, რომ განვითარების დონე არ დავკარგო.
– მებოსტნეობა, მებაღეობა… თქვენს გვერდზეც ეწევისოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას. კულინარია და მეღვინეობა გიტაცებთ… მეღვინეობა რატომ? რის გაკეთებას ფიქრობთ?
–  ძალიან მიყვარს ბუნება, მცენარეები. როდესაც კერძო სახლში გადავედი, პირველ რიგში, ბოსტანი მოვაწყვე. ზოგადად ვთვლი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, სულ მცირე ადგილზეც კი მოიყვანს ოჯახისთვის სამყოფი პროდუქტი. მთელ ოჯახს თუ არა, ბავშვს მაინც ეყოფა, ბოლოს და ბოლოს, თერაპიაა მცენარეებთან ურთიერთობა… პერმაკულტურის მომხრე ვარ, ძალიან ბევრს ვკითხულობ და ვსწავლობ. ვგეგმავ, ამ დარგს სამომავლოდ სერიოზულად მივყო ხელი. რაც შეეხება კულინარიას, ესეც ბავშვობის გამოძახილია. გემრიელი კერძი ზრუნვის გამოხატულებაა ჩემთვის, ვაკეთებ იმიტომ არა, რომ საჭმელი იყოს, იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, ვისთვისაც ვაკეთებ.
ზოგადად, ალკოჰოლური სასმელებიც მიყვარს – დამზადებაც და დალევაც. მეღვინეობა ძალიან, ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მარტო ის,  რომ ყურძენი „ფუჭდება” და მისგან ვიღებთ გენიალურ პროდუქტს, აი ამ მოვლენის შინაარსი უკვე თავისთავად სასწაულია. ჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ საფუძვლიანად ვაპირებ ამ სფეროს შესწავლას. სახლში მოყვარულის დონეზე რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებ, მაგრამ ეს უკვე საკმარისი აღარაა… რაც მეტს ვიგებ, მეტის სურვილი და ამბიცია მიჩნდება. მეღვინეობა ჩემთვის ძალიან მჭიდრო კავშირშია პერმაკულტურასთან. ამიტომაა, რომ ამ ორ სფეროს პარალელურად ვსწავლობ. შეწამლული ყურძნისგან დაყენებული ღვინო, ჩემი სუბიექტური შეხედულებით, მიუღებელია. ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვავითარებ ჩემს ცხოვრებას ამ სფეროში.– როგორ აპირებთ შარფების წარმოების გაფართოებას, თან ისე, რომ მოგებაც გქონდეთ? რა იდეები გაქვთ?
– ვფიქრობ, გავიტანო საზღვარგარეთ. ამისთვის ორი პროექტი მაქვს დაწყებული – „საქართველო არის ესე“ და ქართული ჩუქურთმები. მინდა საზღერებს მიღმა საქართველოზე მეტი გაიგონ. ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ რატომაც არა, ვიღაც ჩემი სვანეთის კოშკებით რომ ივლის ამერიკაში ან ევროპაში, უკვე რაღაცას ნიშნავს.
ზოგადად, იდეალისტი ვარ. რადგან ამ ქვეყანაში დავიბადე, ესე იგი, ეს ქვეყანა ჩემია და ვფიქრობ, რომ ყველა იმ საქმიანობით, რასაც გავაკეთებ, ქვეყანასაც უნდა ვარგო რამე. რაც შეეხება საქართველოში წარმოებას, მეტ-ნაკლებად მოთხოვნას ვაკმაყოფილებ ჯერჯერობით, სამომავლოდ ჩემი პროდუქცია  შეიძლება რამდენიმე  მაღაზიაში შევიტანო.
– პანდემია… შეგიწყოთ თუ შეგიშალათ ხელი?
– პანდემიის დროს ძალიან დიდი მოთხოვნა იყო შარფებზე. ადამიანები ვეღარ დადიოდნენ მაღაზიებში და ყველა ონლაინყიდვებზე გადავიდა. იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, ვეღარ ავუდიოდი. პარალელურად შემექმნა მასალაზე პრობლემა. ვინაიდან იტალიური მასალით ვმუშაობ, შემოტანა ძალიან გაძნელდა. რაღაც პერიოდი თითქმის ვერაფერი დავამზადე. ძალიან არასტაბილური მდგომარეობა იყო. არ ვიცოდი, როდის ჩამოვიდოდა მასალა, არ ვიცოდი, რა ჩამოვიდოდა, ფასებმა მოიმატა კატასტროფულად, რაც ყველაზე ცუდი იყო, ვცდილობდი, მაქსიმალურად შემენარჩუნებინა ძველი ფასები შარფებზე.
თავდაპირველად მეტ-ნაკლებად შევძელი, მაგრამ შემდეგ მომიწია მცირე ცვლილებები მეც შემეტანა, რამაც მომხმარებელი გააღიზიანა. ხშირად ჰგონიათ, რომ ფასის ზრდით მე მინდა უცებ გამდიდრება. არადა, ამ დროს მეც გაძვირებულ მასალას ვყიდულობ და ამის პარალელურად იმავე გაძვირებულ პროდუქტს, რასაც ნებისმიერი თქვენგანი. ახლა მეტ- ნაკლებად დასტაბილურდა მდგომარეობა.
– ჰობი…
– ჰობი არ ვიცი, რა არის, იაპონური ფილოსოფიაა ასეთი – იკიგაი ჰქვია. ბედნიერი ცხოვრების ფორმულაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ბედნიერია თავისი საქმიანობით მაშინ,  როდესაც საქმე სიამოვნებს, სარგებელი მოაქვს მისთვის და საზოგადოებისთვის და აძლევს სათანადო მატერიალურ უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში ვცდილობ, ამ ფილოსოფიით ვიცხოვრო, ძალიან მომწონს, ფაქტობრივად ჩემი ჰობიც ისაა, რასაც ვაკეთებ. თუ არ მაქვს ადმინისტრაციული სამართლის დავა აღებული, მაშინ სახელოსნოში ვსაქმიანობ  ან ბოსტანში ვიჩიჩქნები, თუ მანდაც არ ვარ, მაშინ ან ვკითხულობ და ვსწავლობ პერმაკულტურას, ან მეღვინეობის წიგნებს ვუზივარ, ან  სამზარეულოში ახალ რეცეპტს ვსწავლობ. საქმე სულ არის, მთავარი ამ ყველაფერში ზუსტად ისაა, რომ ჰობი და საქმე ერთმანეთს ემთხვევა, ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებიდან არცერთი არ მანიჭებს უარყოფით სტრესს.
– ოჯახი…
– დაოჯახებული ვარ, ერთი შვილი მყავს.
– სამომავლოდ…
–  სამომავლოდ მეტ-ნაკლებად ვგეგმავ რაღაცებს, შარფებზეც, სხვა სიახლეებიც იქნება. მუდმივად ახალ იდეებს ვამუშავებ. ბოლო ორმა წელმა მიმახვედრა, რომ არ ღირს გეგმებზე ჩაციკვლა. ერთადერთი, რაც უნდა დაგეგმოს ადამიანმა, არის ის, რა პოტენციური მაქსიმუმიც გააჩნია მის ცხოვრებას, გამოწუროს ბოლომდე. რადგან მოცემული დრო იწურება და უბრალოდ სტატისტიკა არ უნდა იყო ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაში. ხანდახან რთულდება გარემოებები, მაგრამ არა უშავს, ზოგადად ყველა სიტუაციიდან არის გამოსავალი, მერე რა, თუ გზა ძნელია, მთავარია, მიზანს არ მოაშორო თვალი ჰორიზონტზე.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები