„ანტირეკორდული ჯაჭვის გასაწყვეტად ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“
„ადამიანის სიცოცხლეს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ“, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელია და უერთდება დაწყებულ კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.
„პირადად აცრილი ვარ ორი დოზით, ცოტა ხანში მიწევს „ბუსტერის“ გაკეთებაც და, რა თქმა უნდა, გავიკეთებ. შევუერთდი ამ აქციას, რადგან ჩვენს ქვეყანაში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რიცხვი კი, სამწუხაროდ, მაღალია. ჩემი აზრით, ეპიდვითარებას პირდაპირი კავშირში აქვს ქვეყნის განვითარებასთან, ეს პროცესი აფერხებს ქვეყანას. ეკონომიკა ვერ განვითარდება. პირველ ყოვლისა კი, ადამიანის სიცოცხლეა მთავარი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სხვა სოციალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისა და თითოეული ადამიანისთვის.
აფხაზეთიდან დევნილი ვარ და, სამსახურებრივი ურთიერთობის გარდა, ხშირად მიწევს დევნილთა წრეში ტრიალი, იქაც ვურჩევ ახლობლებს – აიცრან.
არიან ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და მათ ვაწვდი იმ ინფორმაციებს, რაც მაქვს, რა კვლევებიც არსებობს ამ კუთხით, ყველას გავეცანი. ამიტომ არგუმენტებით შემიძლია, დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. რაც მთავარია, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სხვაგვარად პანდემიას ვერ დავამარცხებთ, სხვა გამოსავალი რეალურად არ არსებობს“, – ამბობს ნანა გაბელია.
იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულ დევნილებთან ერთად იმყოფებოდა და თვალს ადევნებდა მათი ვაქცინაციის პროცესს, ამხნევებდა ადამიანებს. მისი თქმით, საბედნიეროდ, ბევრი დარწმუნდა ვაქცინაციის აუცილებლობაში.
„დევნილებს ტრანსპორტირებაში ვეხმარებით, უზრუნველვყავით მათი მოყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შემდეგ უკან, მათ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდა და საკმაოდ გააქტიურდნენ მოქალაქეები. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები ჩვენი დევნილები მეტ-ნაკლებად აცრილები არიან. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოც მაქსიმალურად გასცემს იქ მყოფებისთვის სამართლებრივ კონსულტაციას, აწვდის ინფორმაციას იმ სიკეთეებზე, რომლებიც არსებობს და რომელთა მიღებაც შეუძლიათ გადმოსვლის მომენტიდან.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფებისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია, რასაც ჩვენი ჯანდაცვა სთავაზობს თითოეულ მოქალაქეს. ქვეყანაში არსებული ანტირეკორდული ჯაჭვის გასაწყვეტად ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა, შესაბამისად, უნდა ავიცრათ, რომ ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ და ადამიანის სიცოცხლეს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ“, – ამბობს ნანა გაბელია.