განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განხილულ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება კომიტეტის მიერ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. კომიტეტმა განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები.

ზუსტდება, ასევე, რიგი ტექნიკური და რედაქციული საკითხები. კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებისა და მიღების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა კოდექსის შექმნის საჭიროებების კვლევის დოკუმენტი გააცნო კოლეგებს, რომელიც კომიტეტმა და ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) განახორციელა.

მისი თქმით, შესწავლილი იქნა 7 კანონი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების რეგულირებას ეხება და ექსპერტების მიერ ჩამოყალიბებული მეთოდოლოგია. „ეს იყო კანონებში არათანმიმდევრულობისა და ფრაგმენტულობის დადგენა, ხოლო მეორე – დუბლირება-გადაფარვები. ჩვენ ამოცანა დავსახეთ, რომ კარგად შეესწავლა 7-ვე კანონი და დაედოთ რეკომენდაციები და დასკვნები, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა, ყველა ეს კანონი სისტემურად გაერთიანებულიყო ერთ კოდექსში “, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად ცნო კოდექსზე მუშაობის დაწყება. დღესვე კომიტეტმა განიხილა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საერთაშორისო შეთანხმება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებას ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა”.

„საქართველოს წარმომადგენლებს უფლება ექნებათ დამკვირვებლის სახით მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) მმართველთა საბჭოში, ხმის მიცემის უფლების გარეშე და ასევე მონაწილეობა მიიღონ ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების კონსორციუმში (ERIC), საბჭოს (EC) 723/2009 რეგულაციისა და ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების კონსორციუმის (ERIC) დამფუძნებელი სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ასევე, ევროკავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პროგრამებსა და პროექტებში, რომლებიც „ჰორიზონტი ევროპა” პროგრამის ეკვივალენტურია”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მისი თქმით, დოკუმენტის საფუძველზე იქმნება ევროკავშირ-საქართველოს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციის კომიტეტი. კომიტეტის წევრები მიესალმებიან აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები