ნათია თურნავა: ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი 44.1%-ით გაიზარდა

“დღეს გამოქვეყნდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა უკვე შესაძლებლობა რომ თქვენთვის წინასწარი მონაცემები გაგვეცნო, ნოემბრის თვის და 11 თვის საგარეო ვაჭრობის მიხედვით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციის ზრდის მხრივ საკმაოდ დადებითი ტენდენცია გვაქვს.

„დღეს უფრო დეტალური, ჩაშლილი ინფორმაცია ქვეყნდება, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია, უკვე ვიმსჯელოთ არა უბრალოდ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც, მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების ექსპორტსაც შეიცავს და რეექსპორტსაც, არამედ, უშუალოდ ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე გვაქვს საკმაოდ დადებითი ტენდენცია. 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი გაიზარდა 44.1%-ით, რაც თუ შევადარებთ, 2019 წელს, ანუ პანდემიამდელ პერიოდს, აქაც გვაქვს თითქმის 49%-იანი ზრდა. ადგილობრივ პროდუქციის ექსპორტმა ნოემბერში 325. 2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 11 თვეს თუ დავაჯამებთ, ამ პერიოდშიც, სწორედ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის ზრდა- 28.7% გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ამ 11 თვეში. 2.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვებმა საგარეო ბაზრებზე.

შეგვიძლია, ვიმსჯელოთ გეოგრაფიაზეც, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ არცერთ კონკრეტულ ცალკე აღებულ ბაზარზე არ არის ჩვენი მწარმოებელი დამოკიდებული და მაქსიმალური რაოდენობა ქვეყნების არის მოცული. სწრაფი ზრდა გვაქვს ჩვენ, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით, პროდუქციების გაყიდვაში, ასევე ჩინეთი და აშშ – ეს ორი გეოგრაფია გამოირჩევა მაღალი ზრდის მაღალი ზრდის მაჩვენებლით; იქ სწრაფად იზრდება ჩვენი ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვები.

რაც შეეხება იმას, სად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი, ტრადიციულად ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრია, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის შემდეგ, უკვე მესამე, მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით არის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, კვების მრეწველობა. ეს არის ღვინო, თხილი, კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები