საქართველოს კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიტერატურული კონკურსი, რომელიც 2022 წელს დაარსდა, დიდი ქართველი პოეტის – ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება.
კონკურსი ყოველწლიურია და მისი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ერთ-ერთი ნომინაცია კი როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს აძლევს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას და პრემია გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
საკონკურსოდ განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ავტორების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები; ასევე, გასულ წელს გამოსაცემად მომზადებული და ჯერ კიდევ წიგნად გამოუცემელი ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
● „ქალი პროზაიკოსი“ – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
● „ქალი პოეტი“ – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
● „ქალი მთარგმნელი“ – საუკეთესო თარგმანისთვის;
● „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი და პრემია 5 000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა.
ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია, რომელიც ლიტერატურის სფეროში ავტორიტეტული ხუთი სპეციალისტისგან შედგება.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2025 წლის 30 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონულად.
კონსულტაციების გავლა შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელეფონის ნომერზე 032 2 022229; მობ.: 599877816.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

კონკურსის დანართი იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1i_wiQgomrfb5p9a6kq2U4l48IDXOmPXV?fbclid=IwY2xjawM1BexleHRuA2FlbQIxMABicmlkETFIdDVXVVc1dWV0N1hKSFFFAR6TEggPl0vXjqIQpVKHaUDHSXfbkqRKCXv4vnk6hGZEXdItju8NSd4egchtbQ_aem_HCJyse_0UfgsnWu-QL6mLA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები