ვახტანგ ძაბირაძე: ორი გზა გვაქვს – ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე

“ორი გზა გვაქვს – ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე – მესამე გზა არ არსებობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდეს.

“ორად გაყოფილი საზოგადოება ქართული რეალობისთვის ახალი ამბავი არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და ილაპარაკონ, არაფერი გამოვა, პირველივე შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ კიდევ მეტი დაპირისპირებით დასრულდება. ჩვენ ხომ ვიცით, როგორია თითოეული პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განწყობა ოპონენტის მიმართ?! “ოცნება” მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობამ” უარი უნდა თქვას პოლიტიკაზე და სააკაშვილი ციხეში დარჩეს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ესენი რომ ერთ მაგიდასთან მოხვდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდება? ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსახილველ თემებს წინასწარ ჩამოაყალიბებს, ოღონდ ამ ჯგუფში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები.

ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრისგან, ჟურნალისტებისგან, ექსპერტებისგან, იურისტებისგან… ოღონდ აუცილებლად უნდა იყვნენ ობიექტურები და მხარეს არ უნდა წარმოადგენდნენ. როგორც კი პროცესში ჩართული იქნება პირი, რომელიც რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იქნება, პროცესი მაშინვე ჩაიშლება. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, უნდა განვსაზღვროთ, რა გვსურს, ვეძებოთ დამნაშავე თუ შეცდომები. დღეს ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ და არა შეცდომებს. არადა, თუ არ გავარკვევთ, რა შეცდომები დავუშვით წარსულში, არაფერი გამოვა. წარსულზე შეთანხმება უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აწმყოსა და მომავლის გასაანალიზებლად და არა დამნაშავეების მოსაძებნად და დასასჯელად. პროცესი რთული და შრომატევადი იქნება. ჩვენ არა ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და უნდა გამოვიყენოთ. ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე – მესამე გზა არ არსებობს.

იმისთვის, რომ მეორე გზა ავირჩიოთ, წარსულზე საუბარს თავი დავანებოთ და მომავალს მივხედოთ, ხელისუფლებაში დიდი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ძალა უნდა იყოს. თავის დროზე “ოცნებასაც” დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და “ნაცმოძრაობასაც”. ამის გაკეთება 2003 წელსაც შეიძლებოდა და 2012 წელსაც, მაგრამ ეს ნაბიჯი არც ერთმა არ გადადგა. 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ყველამ საკუთარი ხელისუფლების გამყარებაში დახარჯა. დღეს “ოცნებას” აღარ გააჩნია პოლიტიკური კაპიტალი, რათა ყველაფერი დაივიწყოს და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. ამიტომ მხოლოდ ერთი გზა გვრჩება – წარსულის გაანალიზების საფუძველზე მომავალზე შეთანხმება. დიახ, წარსული ისე უნდა გავაანალიზოთ, რომ დამნაშავეები არ გამოვკვეთოთ – უნდა გამოვკვეთოთ მხოლოდ შეცდომები. შეცდომების გაანალიზება გაცილებით გაადვილდება, თუკი პერსონებს არ შევეხებით. მხოლოდ გასული 9 წლის წინანდელი ამბები კი არა, “ქართული ოცნების” 9 წელიც ისევე უნდა გავაანალიზოთ, როგორც “ნაციონალების”. მე რომ მკითხოს კაცმა, სააკაშვილის გათავისუფლება დაპირისპირებას უფრო გაამძაფრებს. თუ ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის დასჯის მომხრეა. ამასთან, ვინაიდან დღეს პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილი, სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ხელისუფლების კეთილ ნებად კი არა, მარცხად აღიქვამს. არა მარტო ოპოზიცია, საზოგადოებაც ასე იფიქრებს. როდესაც ვამბობ, “ოცნებას” პოლიტიკური კაპიტალი აღარ აქვს-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობ. ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ გაათავისუფლებს სააკაშვილს. 2012 წლის შემდეგ მხარდამჭერების 40% დაკარგა. ახლა ეს ნაბიჯი რომ გადადგას, შეიძლება ერთი ამდენი მხარდამჭერი კიდევ დაკარგოს. ზურაბიშვილს შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ამას შერიგებასთან საერთო არაფერი ექნება. პრობლემას ვერ მოაგვარებს პოლიტიკური სპექტრი, საქმის მოგვარება უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ჯგუფმა. თუ ამ ჯგუფის წევრები “ოცნებას” ეტყვიან, რომ მათ ესა თუ ის შეცდომა დაუშვეს, ისინი ვერ უპასუხებენ, “ნაციონალებმა” ხომ უარესი შეცდომა დაუშვესო, და პირიქით, “ნაციონალები” ვერ იტყვიან, “ოცნება” ჩვენზე უარეს შეცდომებს უშვებსო. ამით ბოლო მოეღება ურთიერთბრალდებებს, მტრობას გადავიყვანთ კონკურენციაში და საქმეზე ორიენტირებას მოვახერხებთ. ამის მერე შეიძლება სააკაშვილის შეწყალებაც კი არ იყოს “ოცნებისთვის” მტკივნეული. ძალიან ბევრი საკითხი გაირკვევა. მაგალითად, ისიც, იყო თუ არა შეცდომა 7 ნოემბერი ან 26 მაისი… არ მესმის “ნაციონალების”, როდესაც ამბობენ, შეცდომები დავუშვითო. ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, ეს შეცდომა იყო? პატიმრები შემთხვევით აწამეს?! არა, ბატონო, ეს გააზრებული პოლიტიკის შედეგი იყო. აი, ასეთი რთული საკითხებია განსახილველი. ამასთან, თუ არ მოგვარდა, ძალიან რთული სცენარის გავლა მოგვიწევს – “ოცნება” დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაკარგავს ჯერ კიდევ შემორჩენილ ელექტორატს, ხელისუფლებაში მოვა ოპოზიცია და ისევ დაიწყება ყოფილი ჩინოვნიკების დევნა. ისევ ძველ წრეზე წავალთ და ისევ დავაბრკოლებთ ქვეყნის განვითარებას”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

ჟურნალისტის კითხვაზე: “ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა ეს პროცესი წამოეწყო?” – ძაბირაძე პასუხობს, რომ ასე ფიქრობს.

“კი, ასე ვფიქრობ. ერთ-ერთი მთავარი თუ არა, გადამწყვეტი ამ საქმის წამოწყებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ისინი კარგად ხედავენ ხიფათს, რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა. ისინი მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების შეცვლაში როგორც 2003 წელს, ასევე 2012 წელსაც. ის, რომ 1991-1992-იანი წლების სცენარი არ გავიმეორეთ და მშვიდობიანად გადავაგორეთ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, მათი დამსახურებაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული ფაქტორი ყოველდღიურად იზრდება. 2003 წელს უფრო ადვილი იყო რუსული ფაქტორის გადაგორება, 2012-შიც, ამჯერად ასე ადვილი აღარ იქნება, იმიტომ, რომ 2003 თუ 2012 წელს დასავლეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, ჩვენს საკითხზე. დღეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა და შესაძლოა ვეღარც შეთანხმდნენ. ამას რა მოჰყვება ძნელი სათქმელია, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ დასავლეთიც შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და რუსეთიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი შეუთანხმებლობის შედეგად აქ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება”, – განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები