თენგიზ ფხალაძე: ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი

“ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის პოლარიზაციის შემცირება აუცილებელია.

“ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომაც გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. ინიციატივა ძალიან კარგია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მოხერხდება და ეს პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური გახდება. რა თქმა უნდა, პროცესი ვერ წარიმართება, თუ ამისთვის მზად არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.

ვეთანხმები პრეზიდენტს – როდესაც შიგნით არა გვაქვს ერთიანობა, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე და დავაინტერესოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, ან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ეროვნულ ინტერესებზე, როდესაც არ გვაქვს განსაზღვრული საკითხები, რომლებზეც ყველა შევთანხმდებით… ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ინიციატივაში, არ ვიცი, დეტალებს არ ვიცნობ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში ყველა ჩაერთოს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განხილვის თემად დარჩა. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება.

ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ვიმეორებ, ეს იქნება რთული და მტკივნეული გზა. ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს… დღეს ჩვენ ვისმენთ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ წარმოუდგენია ამა თუ მხარეს რაღაც პროცესი, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საქმის გაკეთება, საჭიროა, ერთი საკონსულტაციო თავყრილობა გაიმართოს, სადაც უნდა გამოჩნდეს, არსებობს თუ არა გადაკვეთის წერტილები, რომლებზეც უნდა აიგოს შემდგომი პროცესი. რაც უნდა მძიმე იყოს პირისპირ ლაპარაკი, ეს ყოველთვის სჯობს ეპისტოლარულ თუ მონოლოგის ტიპის განცხადებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ წინსვლას, თუ ერთმანეთის მოსმენას მოვახერხებთ”, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები