„ეარ-ალჟირიას“ კატასტროფის ახალი დეტალები – თვითმფრინავი ნიგერიაში ჩამოვარდა
ალჟირის ავიალაინერი Airbus A320, რომელთანაც რამდენიმე საათის წინ კავშირი გაწყდა, ნიგერიის დედაქალაქ ნიამთან ახლოს ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ავიალაინერის ბორტზე 110 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ლაინერი ბურკინა-ფასოს დედაქალაქიდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა. ამ წუთებში ჩამოვარდნილი ლაინერის მგზავრების ახლობლები ალჟირის და ბურკინა-ფასოს აეროპორტებში იკრიბებიან. ისინი მგზავრების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.
„ავიალაინერი სწორედ ალჟირის საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, როდესაც პილოტმა ცუდი ხილვადობის გამო კურსის შეცვლა მოითხოვა. არსებობდა რისკი, რომ ის სხვა საჰაერო ხომალდს შეჯახებოდა, სწორედ კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა“, – განაცხადეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში ალჟირის ავიაკომპანიის თანამშრომლებმა.
ალჟირის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის გაუჩინარება მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილია, რომ ხომალდი ბურკინა-ფასოს დედაქალაქიდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა (რეისი – AH5017).
თვითმფრინავი უაგადუგუს აეროპორტიდან აფრენიდან 50 წუთში გაუჩინარდა. ის წუხელ ღამით აფრინდა და დანიშნულების ადგილზე დილით უნდა ჩაფრენილიყო. უცხოური მედიის ცნობით, თვითმფრინავთან კავშირი მაშინ დაიკარგა, როდესაც ის, სავარაუდოდ, მალის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და ალჟირის საზღვარს უახლოვდებოდა. ცნობილია, რომ ჩამოვარდნილი ხომალდი „ბოინგ-737-600“-ია, რომელიც თანამედროვე მოდელია და ის 116 მგზავრზეა გათვლილი. „ეარ-ალჟირიას“ თვითმფრინავი პორტუგალიური კომპანიისგან ჰქონდა ნაქირავები.